შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 15 იანვარს იმსჯელა.ამის შესახებ ინფორმაციას,ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.


მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გადაწყვეტილება 12:45 წუთზე გამოაცხადა. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ სამდღიანი პატიმრობა განესაზღვრა. ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრის 19:47 წუთიდან დაიწყო.

ბრალდების მხარე ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძემ კი განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წამლებზეა დამოკიდებული და გირაოს შეფარდება მოითხოვა. მას ადვოკატი არ ჰყავდა. როგორც სხდომაზე განმარტა, არც საქმეს გაცნობია და სასამართლომდე არც ოქმი გადასცემია, რომლის მიხედვითაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.

სხდომაზე რობაქიძემ თქვა, რომ ანრი ოხანაშვილს დიდი ხანია იცნობს. მან უარყო დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირება და დაადასტურა, რომ ორივეს მხრიდან მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო.

„ანრი ადგა და გავიდა, მალე მოვიდა პოლიცია. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. ჩემი აგრესია გამოიწვია იმან, რომ ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არვიცი სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა,“, - ასე განმარტა პოლიციასთან დაუმორჩილებლობა რობაქიძემ.

მას ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში, 25-იანებში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია