შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს 226-იდან მხოლოდ 1 ობიექტი აკმაყოფილებდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7292 
 22 მარტი 2019
2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან , სრულყოფილად მხოლოდ 1 ობიექტი აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ობიექტებში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ საკონტროლო გადამოწმებამ აჩვენა, რომ სახანძრო ინსპექტორების მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად ობიექტების მხოლოდ 14%-მა , ანუ 408 დარღვევების მქონე ობიექტიდან 59 ობიექტმა, შეასრულა.

ასევე ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმ ობიექტების 50%, რომლებსაც შემოწმების დროს დარღვევები აღმოაჩნდა, საერთოდ არ დაჯარიმებულა, ხოლო ობიექტების 21%-ს კი, დაკისრებული ჯარიმები არ გადაუხდია, რაც უკავშირდება მას, რომ სამსახურს არ აქვს დანერგილი ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმები. უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმიანობა მხოლოდ ერთ ობიექტს შეუჩერდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, 2018 წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სია 9 103 ობიექტიდან სულ მცირე 15 000 ობიექტამდე გაზარდა და სახანძრო ინსპექტორების რაოდებობა 201-დან 32-მდე შეამცირა.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, იმ დაშვებით, რომ საშუალო სიდიდის და სირთულის ობიექტის შემოწმებას ორი ინსპექტორი ერთ დღეს მოანდომებს და სამუშაო დღეებს მხოლოდ სახანძრო-ტექნიკურ შემოწმებას დაუთმობს, 32 ინსპექტორი წელიწადში დაახლოებით 4 000 ობიექტს შეამოწმებს, რაც ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების, ანუ 15 000-მდე ობიექტის, მესამედიც არ არის.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესის გაუმჯობესებისკენ.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახუმრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართ აშემდეგი რეკომენდაციები გასცა:

  • სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სრულად აღრიცხვის მიზნით, სამსახურმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან (მაგალითად, შემოსავლების სამსახური) თანამშრომლობით სისტემურად უზრუნველყოს ობიექტების სიის დაზუსტება;

  • სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების ოპტიმალურად განხორციელების მიზნით, სამსახურმა უზრუნველყოს შემოწმებების სათანადოდ დაგეგმვა, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების სისტემა;

  • ობიექტის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა სამსახურმა:მეთოდოლოგიურად გამართოს სახანძრო-ტექნიკური შემოწმების პროცესი, მათ შორის, შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი და შემოწმების პროცესში ინსპექტორების მიერ შესავსები ფორმა;შეიმუშაოს ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა და ტრენინგების მოდული;დანერგოს ინსპექტორების საქმიანობის ხარისხის კონტროლის სათანადო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციების სისრულისა და ხარისხის შემოწმებას;

  • ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სანქცირების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების მქონე ყველა ობიექტი და მოხდება ჯარიმების ამოღება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

მარჯანიშვილის თეატრი ბორჯომში

საზოგადოება