შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მძღოლის ადგილზე ნარკოტესტირება 1-ელი აპრილიდან დაიწყება

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 04 დეკემბერი 2018
ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას, ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1-ელი აპრილიდან დაინერგება. 

საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. პირის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დამდგენი ტესტების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. კერძოდ, იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის.

მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის.

სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.

პარლმენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვისაა გადაგზავნილი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება