შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებლის თვალით დანახული ჯავახეთი და ფილმი დუხობორ ოჯახზე [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22996 
 11 ივნისი 2019
ფოტოგრაფიით გატაცებულმა, 31 წლის ხატია ნიქაბაძემ, ერთი წლის წინათ გადაწყვიტა, საკუთარ ობიექტივში ჯავახეთის ბუნება და ადგილობრივების ყოველდღიურობა აღებეჭდა. იგი თბილისიდან ნინოწმინდაში ჩამოვიდა. იმისათვის, რომ ფოტოები უფრო ეფექტური გამოსვლოდა, რომელიც ადგილობრივების ყოფას კარგად ასახავდა, ჯერ ორი თვით დარჩენა გადაწყვიტა.„იმისათვის, რომ კარგად გავცნობოდი აქაურობას და ფოტოებიც უფრო კარგი გამომსვლოდა, დრო მჭირდებოდა. ნინოწმინდაში ბინა ვიქირავე და ამასაც თავისი ხარჯები ჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე გორელოვკის სკოლაში დამეწყო სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა და გარკვეული შემოსავლის წყარო მქონოდა“, – გვიყვება ხატია და ამატებს, რომ მასწავლებლის გამოცდილებაც აქვს და სკოლაში მუშაობა არ გასჭირვებია.გორელოვკის სკოლაში მუშაობისას და სოფელში ცხოვრებისას, ადგილობრივებიც გაიცნო და არც მათი ცხოვრება დარჩენია კადრს მიღმა.ნინოწმინდაში ჩამოსვლის პერიოდში, ხატიამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „გენდერი და იდენტობა“, სადაც საკუთარი იდეა წარადგინა, გადაეღო ფილმი დუხობორ ოჯახზე გორელოვკაში, რაც პროექტის ავტორებმა მოიწონეს და დააფინანსეს კიდეც.ამის შემდეგ, ხატია ნიქაბაძემ გადაწყვიტა ფილმი გადაეღო სოფელ ორლოვკის სკოლის რუსულის მასწავლებელზე სვეტა სტრუკოვაზე: “კარგი ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, გადავწყვიტე მისი ყოველდღიური ცხოვრება ამესახა ჩემს ფილმში“.ფილმში, სვეტა სტრუკოვას ცხოვრება და საქმიანობაა ასახული. ფილიმის გმირი, ასევე, საუბრობს საქართველოში დუხობორების ცხოვრებაზე და მათ წარსულზე.„ჩემი ფილმის გმირს ოთხი შვილი ჰყავს. ყოველდღიურად სამსახურში და ყოფაში საქმე ბევრი აქვს. ამიტომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე, ყოველთვის პოულობს დროს იმისათვის, რომ იაროს ტრენინგებზე, ახალი ისწავლოს და ა.შ.“, – ამბობს ხატია ნიქაბაძე.ხატია ნიქაბაძისთვის, ფოტოგრაფიასთან ერთად, გატაცებაა მოგზაურობაც, ამიტომ ხშირად უწევს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ამის გამო მას ნინოწმინდაში ცხოვრება, გორელოვკაში მუშაობა და ადგილობრივებთან ურთიერთობა არ გასჭირვებია. აქ დროებით ცხოვრობს, მაგრამ ჯერ არ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩება.ხატია ნიქაბაძემ გამოთქვა სურვილი, მისი ფილმი, მედიასაშუალებებიდან, პირველად „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულიყო. სიამოვნებით ვუსრულებთ სურვილს და გთავაზობთ ამ ფილმს. [ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება