შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივლიტა ახალციხეს მიკრული სოფელი

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24146 
 09 სექტემბერი 2019
ახალციხის სოფელი ივლიტა მუნიციპალური ცენტრიდან ორი კილომეტრით არის დაშორებული.რატომ ჰქვია ივლიტასოფელში ზოგი ჰყვება, რომ დასახლებას ივლიტა ჰქვია, რადგან აქ ივლიტას სახელობის ეკლესია იდგა.ზოგი ამბობს, რომ უძველეს დროს სოფელში მდგარ ეკლესიაში ცეცხლი გაჩნდა და ხატს, რომელიც იქ კედელზე ეკიდა, ვეღარ მიაკვლიეს. მერე, როცა ეკლესია აღადგინეს და კარი გააღეს, ხატი იქ დახვდათ, თავის ადგილზე. აქ საიდან გაჩნდაო, როცა იკითხეს ასეთი პასუხი მიიღეს – ივლიდა, ივლიდა და მოვიდოდაო, სხვაგან სად წავიდოდაო. ანუ თავის ეკლესიისკენ მოილტვოდა და სოფელსაც ამიტომაც დაერქვა ივლიტაო.ზოგმა თქვა, სოფელს სულ ადრე ორსულა ერქვაო. იმ დროს, აქ სამასი კომლი ცხოვრობდა. მერე ავადმყოფობა გაჩენილა და სოფელი გაწყვეტილაო. როგორც, ადგილობრივებმა მითხრეს, სოფელი ივლიტა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან, ბოლაჯურიდან და ასპინძის, სოფელ ხიზაბავრიდან ჩამოსახლებულებით შეივსო და გაშენდა.ახლა დაახლოებით 55 ოჯახი ცხოვრობს.ივლიტელების პრობლემებისოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი. „გაზს ვყიდულობთ. „ბალონს“ ვტენით ხან 20 ან 30 ლარის გვინდა თვეში. დაზამთრდება და 1000 ან 1200 ლარი მაინც გვინდა შეშისთვის. ყველაფერს ვიკლებთ და შეშას ვყიდულობთ, აუცილებელია! აბა, სხვას რას იზამ რომ არ იყიდო. გაზი ყველგან არის, აქ კი არა! არადა აქვე ვართ ქალაქთან “, – გვითხრა თამარ გიქოშვილმა.გზის პრობლემაზე საუბრობს ივლიტას მკვიდრი აზა ბაღდოშვილი. „გზა არ გაქვს და კვალი. გზა არც ადრე იყო, მაგრამ გვინდა რომ თანდათან გამოკეთდეს და უკეთესი გახდეს ყველაფერი“, – ამბობს აზა ბაღდოშვილი, რომელიც 50 წელია სოფელ ივლიტაში ცხოვრობს – „პენსიაა ჩემი შემოსავალი, ამით ვცხოვრობ“, – გვითხრა მან.ლილი აფრიამაშვილის ნომერ პირველი პრობლემა ბუნებრივი გაზია.„ახალციხეს ვართ მიკრული თითქმის, იქ გაზია და ჩვენთან არა“, – ამბობს ის. ჩვენი მისვლისას ლილი აფრიამაშვილი სახლის წინ ცეცხლზე საზამთროდ შესანახ პომიდორის ამზადებდა. ივლიტაში არ არის სკოლა, არც საბავშვო ბაღი.„აქ ბავშვები სკოლაში არც ივლიდნენ იმიტომ, რომ ზოგი მათგანი ცეკვაზე დადის, მუსიკაზე, სამხატვრო სკოლაში და მაინც მოუწევდათ ახალციხეში სიარული. სკოლა რომ არ გვაქვს, ეს პრობლემას არ ქმნის“, – მითხრეს სოფელში.მარტოხელა დედა ივლიტიდანთინათინ გიქოშვილი 38 წლისაა, სოფელ ივლიტაში ცხოვრობს და ოთხ შვილს ზრდის. მას შვიდი წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა. თინათინი არ მუშაობს, ოჯახის შემოსავალი ბავშვების ობლობის პენსიაა – თითო ბავშვზე ასი ლარი.უფროსი წელს სრულწლოვანი გახდა, ამიტომ ხუთსულიან ოჯახს თვეში უკვე სამასი ლარით უწევთ თავის გატანა.„ვუმკლავდები როგორღაც“, – გვითხრა მარტოხელა დედამ. ივლიტას ბიბლიოთეკა სოფლის ცენტრში, თეთრ პატარა ერთსართულიან შენობაში ბიბლიოთეკაა განთავსებული. ბიბლიოთეკარი ნანა ასპანიძე მკითხველის მოლოდინში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ კითხულობდა.როგორც მან გვითხრა, ბიბლიოთეკაში 5 100 წიგნი ირიცხება. წიგნებს მკითხველი არ აკლია.„ყველა ასაკის ხალხი მოდის. ჟურნალ–გაზეთებიც მიაქვთ, რომანებსაც კითხულობენ, მაგრამ უფრო დეტექტივები მოსწონთ: აგათა კრისტი, ართურ კონან დოილი, ჟორჟ სიმენონი... საბიბლიოთეკო ასოციაციამაც ჩამოიგვიტანა წიგნები. ახლა წიგნების სია გადავეცით. სიას მკითხველების მიხედვით ვადგენ, ხომ მოდიან და იტყვიან ეს წიგნი გვინდა და ჩვენ არ გვაქვს, ჰოდა, მაგის მიხედვით ვწერ“, – გვითხრა ნანა ასპანიძემ. [გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
პოლიტიკა
სამხრეთის კარიბჭე

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

საზოგადოება