შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24467 
 08 ოქტომბერი 2019
სოფელ ანის საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, ახალციხის რესურსცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის წერილების, ასევე „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემა „კვირის აქცენტში“ ყოფილი თანამშრომლების მიერ გაჟღერებული ბრალდებების, შემდეგ შევიდა და მოკვლევა დაიწყო. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 23 გვერდიანი დასკვნა, სკოლაში მოსწავლეების, მასწავლებლების და თავად დირექტორის ახსნა–განმარტებების საფუძველზე მოამზადა. „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში, ვკითხულობთ, რომ დირექტორის მხრიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ოთხი მიმართულებით არის დარღვეული. სკოლის დირექტორის, მარიამ კაპანაძის მიერ მიცემულ ახსნა–განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ყოფილი თანამშრომლების თამარ ინასარიძისა და რუსუდან დავლაშერიძის მიმართვის შემდეგ, სკოლაში ასულ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ზეწოლას.„კონკურსის დღეს ამოვიდნენ, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და გასაუბრების დაწყებამდე მათ შორის იყო მწვავე კამათი. სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ითხოვდნენ დაენიშნათ ადმინისტრატორად ისევ დავლაშერიძე, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციის ზეწოლასთან დაკავშირებით, არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, იმ მიზეზით, რომ არ მომხდარიკო სკოლის პრესტიჟის შელახვა და გამჟღავნებულიყო კონკურსზე მომხდარი ინცინდენტი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.დირექტორის მიერ აუდიტის თანამშრომლებისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებას, კატეგორიულად უარყოფს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე.„მე მაგ ქალს უბრალოდ ვთხოვე როგორც მენეჯერს, რომ არ შეიძლება, როცა სკოლის დირექტორი ხარ და ხუთი პედაგოგი შენზე გაბუტულია, არ შეიძლება ამხელა განხეთქილება იყოს და დაპირისპირება სკოლაში. დირექტორის ბრალდება არის სისულელე, რაც რა თქმა უნდა არ ყოფილა“, – ამბობს ეკატერინე ორჯონიკიძე. ყოფილი ადმინისტრატორის, რუსუდან დავლაშერიძის საქმეზე, რომელიც დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებას ედავებოდა, შიდა აუდიტის სამსახურმა მარიამ კაპანაძის მხრიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაადგინა. გათავისუფლებული თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მას დირექტორი სხვა მასწავლებლის ნაცვლად გაკვეთილებს ატარებინებდა და ანაზღაურებას არ აძლევდა.„დირექტორის ზეპირი დავალებით, 2018 წლის თებერვალი–აპრილის თვეში, მე–6, მე–7, მე–9 და მე–11 კლასებში რუსუდანმა, რომელიც არ იყო სკოლაში კონკურსის წესით დასაქმებული მასწავლებელი და იყო ადმინისტრატორი, ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები, თუმცა ჩატარებული საათები აუნაზღაურდა სხვა მასწავლებელს, აქედან გამომდინარე დირექტორს კანონის დარღვევა დაუდგინდა“, – წერია შიდა აუდიტის დასკვნაში.შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, კანონის დარღვევა გამოვლინდა დირექტორისა და სკოლის საკონკურსო კომისიის მხრიდანაც, რუსუდან დავლაშერიძის გათავისუფლების შემდეგ, ახალი ადმინისტრატორის კონკურსის წესით არჩევის დროსაც. კონკურსში მონაწილეობას გათავისუფლებული ადმინისტრატორიც იღებდა, თუმცა გასაუბრების დრო მას არ აცნობეს. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის ოქმი შედგენილია 2019 წლის პირველ აპრილს და დათარიღებულია 2019 წლის 29 მარტით. სადაც ასევე დაირღვა „კანონი ზოგადი განათლების“ შესახებ.აუდიტმა სკოლაში დირექტორის მხრიდან მორიგი დარღვევა 2017–2018 წლებში მომხდარზე დაადგინა, ამ პერიოდში სკოლაში გათბობის სისტემა მონტაჟდებოდა. დოკუმენტის მიხედვით, შენობაში იყო მტვერი, ხმაური და სიცივე. ამასთან, როცა ზამთრის პერიოდში, სკოლაში გათიშული იყო ცენტრალური გათბობის სისტემა, სკოლის მიერ არ მომხდარა მე–4 მე–10 და მე–12 კლასების საკლასო ოთახებში შეშის ღუმელის დამონტაჟება, ხოლო მე–10 კლასის საკლასო ოთახში ღუმელი დადგეს თავად ამავე კლასის მოსწავლეებმა. ამასთანავე დადგინდა, რომ მე–8, მე–9, მე–10, და მე–12 კლასის მოსწავლეებმა სარემონტო სამუშაოების პერიოდში, ცივი წყლით რამდენჯერმე დაალაგეს საკლასო ოთახები.„აქედან გამომდინარე არ დასტურდება, დირექტორის მიერ ყველა გონივრული ზომის მიღება სკოლაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობის შექმნის და მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო სკოლის წესდებას“ სრულად ეწინააღმდგება„ – ნათქვამია შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.დირექტორის მხრიდან კანონის კიდევ ერთი, დარღვევა იკვეთება სკოლაში, კონკურსის წესის გარეშე მასწავლებლის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ინფორმაციულ–საკომუნიკაციო მასწავლებლის პოზიციაზე დანიშნა.როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გამოგზავნილ დასკვნაში წერია, აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე ანის საჯარო სკოლას მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიეცა. დირექტორმა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე, უნდა მოახდინოს რეაგირება და წარადგინოს ანგარიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში.რას ფიქრობს ანის სკოლის დირექტორი შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე და ამზადებს თუ არა ანგარიშსს აუდიტის მოთხოვნის მიხედვით, უცნობია. მარიამ კაპანაძე ჯერ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ბოლოს კი გვიპასუხა და გვითხრა რომ: „მარიამი გასულია და მე მისი და ვარ“.ანის სკოლის ყოფილი მასწავლებლი თამარ ინასარიძე ამბობს, რომ აუდიტის რეაგირება უფრო მკაცრი უნდა ყოფლიყო: „ვფიქრობ რომ ასეთი დარღვევების შემდეგ დირექტორი სკოლიდან უნდა გათავისუფლებულიყო. მხოლოდ გაფრთხილება ძალიან მსუბუქი ფორმაა“.თამარ ინასარიძემ, იმის გამო რომ სერთიფიცირების გავლის შემდეგ, ახალ სასწავლო წელს დირექტორისგან დაპირებული საგაკვეთილო საათები მაინც ვერ მიიღო, იძულებული გახდა სკოლა საერთოდ დაეტოვებინა.როგორც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.რა ეტაპზეა ძიების პროცესი, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ, თუმცა „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლების ნაწილი.ანის სკოლის დირექტორმა ადმინისტრატორი რუსუდან დავლაშერიძე სამსახურიდან 28 თებერვალს გაათავისუფლა, მასწავლებელს თამარ ინასარიძეს კი საათები შეუმცირა. რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. საქმის შესწავლა დაიწყო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმაც.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
საზოგადოება