შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 იანვარი 2019
ოჯახს, რომელიც გაზით მოიწამლა, ბინა ნაქირავები აქვს და წყლის გამაცხელებელი, როცა აქ საცხოვრებლად გადავიდა, დამონტაჟებული დახვდა. სახლის მესაკუთრე ამბობს, რომ „მრავალი წელია ეს „კალონკა“ აყენია, თუმცა მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია“. შემთხვევა ცხრა იანვარს შუადღეს მოხდა. ამ დროს სახლში ბებია, შვილი და წლინახევრის შვილიშვილი იმყოფებოდა. „აბაზანაში ვიყავით მე და ჩემი შვილი, ჯერ ის გამოვიდა გარეთ და თქვა ცუდად ვარო, დავაწვინე, ცივი წყალი მოვუსვი. მერე სამზარეულოს სარკმელი და აივნის კარები გავაღე და მაგ დროს ვიგრძენი, რომ მეც ცუდად ვიყავი. მოვასწარი დაძახება მიშველე მეთქი, ჩემი შვილი იწვა, მაგრამ ადგა და წყლით მომასულიერა. მერე მეორე შვილთან დავრეკე, ის მოვიდა და საავადმყოფოში წაგვიყვანა“, – გვიყვება ოჯახის დიასახლისი. მათთან ერთად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს მცირეწლოვანიც: „ბავშვი უკეთ იყო, ექიმებმა გვითხრეს, CO სიმაღლეზე ვრცელდება და ბავშვი რადგან ქვემოთ იწვა, გადარჩაო“. ახალციხეში გაზის მიმწოდებელ კომპანიაში წყლის გამაცხელებლების იმ აუცილებელ სტანდარტებზე საუბრობენ, რაც მოსახლეობას მსგავსი შემთხვევებისგან დაიცავს.„წყლის გამაცხელებელი აუცლებლად უნდა იყოს დახურული წვის კამერით, ანუ ჰაერს ოთახიდან არ უნდა იღებდეს და ნამწვი გარეთ უნდა გადიოდეს. რომელ გამათბობელსაც წვის კამერა ღია აქვს, შესაძლოა ქარმა ნამწვი, იგივე CO ოთახში შემოიტანოს და ლეტალური შედეგი დადგეს“, – ამბობს „ინტერგაზის“ მთავარი ინჟინერი თემო აღოშაშვილი.ბინაში, სადაც გაზით ოჯახის წევრები მოიწამლნენ, სწორედ ღია კამერის მქონე წყლის გამაცხელებელია დამონტაჟებული. გახდა თუ არა სწორედ ეს მათ მოწამვლის მიზეზი გამოძიება დაადგენს. ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს სსკ–ის 240–ე მუხლით იძებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება