შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21341 
 11 თებერვალი 2019
22 წლის მარიამ ზედგინიძემ და მისმა ჯგუფელმა ნატალი კაპანაძემ ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“, სამკურნალო მცენარეების მოვლა–მოყვანის სპეციალობა დაამთავრეს. მათ სწორედ აქ სწავლის დროს, 2017 წელს, მცენარეების საშრობი აპარატი გამოიგონეს. ამ გამოგონების საშუალებით, სახლის პირობებში, სამკურნალო მცენარეების ნაყენის დამზადება მარტივადაა შესაძლებელი.„დავამზადეთ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მცენარეების გაშრობა და შემდეგ სხვადასხვა სამკურნალო ნაყენების დამზადება. აპარატის გამოყენება სახლის პირობებში ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. თუ გაციებული ხარ და წამალს ვერ ყიდულობ, შეგიძლია ამით წამალი დაამზადო. აპარატს აქვს ტემპერატურის გამზომი და მარტივად მიხვდები, რომელი მცენარე რა ტემპერატურაზე შეგეძლია გააშრო“, – გვიხსნის მარიამ ზედგინიძე.მისივე თქმით, აპარატის მხოლოდ ერთი ნიმუში დამზადდა, პროექტის სრულად განხორციელება კი ვეღარ მოხეხრხდა, რადგან, მისი თქმით ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება: „მთავარია, რომ იდეა არის და პირველი ნიმუშიც შექმნილია, თუ მომეცემა ფინანსურად ამის საშუალება, ან რაიმე პროექტი იქნება, ბოლომდე მივიყვათ ჩანაფიქრს, რადგან ძალიან კარგი და ეფექტური საშრობი გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ოჯახს წაადგება“. ახალგაზრდა გამომგონებლებმა, მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, კოლეჯებს შორის გამართულ „ჰაკათონში“ მიიღეს მონაწილეობა და ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავეს. ამავე, 2017 წელს, „ჰაკათონში“ ახალციხიდან კიდევ ორი ახალგაზრდა გამომგონებელი გოგონა 19 წლის მარიამ სააკიანი და 18 წლის მარიამ დევნოსაძე მონაწილეობდნენ. მათ უსინათლოებისთვის ულტრაბგერითი სამაჯური შექმნეს.„სამაჯურის მინიატურული ვიბროძრავების მეშვეობით უსინათლო პირი შეძლებს, შეიგრძნოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული სასურველი დანიშნულების წერტილიდან და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს, რომ უმოკლესი მანძილის გავლით მივიდეს სასურველ ლოკაციამდე, კონკრეტულ შენობაში“, – გვიყვება მარიამ სააკიანი. მისი თქმით, მაშინ როგორც „ჰაკათონის“ გამარჯვებულებს, 1 500 ლარი გადაეცათ, თუმცა, გამოგონების იდეის განხორციელებისთვის, ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა: „ძალიან საინტერესო იდეა იყო. ვფიქრობთ, რომ სენსორული სამაჯური გადაადგილებას ძალიან შეუმსუბუშებს უსინათლოებს, თუმცა ამას დიდი რესურსი სჭირდება, რომ ჩვენი იდეა იდეად არ დარჩეს და ბოლომდე განვახორციელოთ“. მცენარეების საშრობი აპარატის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სამაჯურის მხოლოდ ერთი ნიმუში შეიქმნა. „იდეები კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ მათი განხორციელება რთულია. ვცდილობთ ყველა კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და პირველ რიგში, სამაჯურის იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა, რომ ეს მხოლოდ კონკურსისთვის შექმნილ ნამუშევრად არ დარჩეს“, – გვეუბნება მარიამ დევნოსაძე, რომელიც ახლა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია.უკვე მეცხრე წელია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.გაეროს განცხადებით, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა, მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავების აღმოიფხვრაა. გაეროში მიაჩნიათ, რომ მეცნიერება ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.პირველ ქალ მეცნიერად ძველეგვიპტელი მერიტ ფტაჰი, ექიმი და მედიცინის დარგში ერთ-ერთ პიონერი მიიჩნევა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია