შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 03 მარტი 2019
ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. “მრავალფეროვნების სახეები” –  ასე ერქვა კონკურსს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები მოამზადეს. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მილენა თურმანიძემ და ლაშა შარაშიძემ, ფოტოპროექტი იმ იეზიდ და ბოშა ბავშვებზე მოამზადეს, რომლებიც ასევე მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მათმა ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. „მზე ყველას თანაბრად ათბობს“ – ამ სახელწოდების ვიდეო მოამზადეს ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ჯგუფურ პროექტში მონაწილეობა 14-მა სხვადასხვა ეროვნების მოსწავლემ მიიღო. ყველა მათგანი მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეა. „მე თვითონ სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სკოლაში. როცა კონკურსის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე ჩემს ქართულის მასწავლებელთან ერთად მოგვემზადებინა რამე პროექტი.  ჩვენი სკოლა ყველაზე ტოლერანტული სკოლაა ალბათ ქალაქში. დავთვალეთ და თოთხმეტი ეროვნების ბავშვი სწავლობს ჩვენთან. ქართულის მასწავლებელს გაუჩნდა იდეა რომ სწორედ ამ მოსწავლეებს გადაეღოთ პატარა ვიდეო კლიპი ჩვენი სკოლის  ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე,“ – იხსენებს მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე. გარდა ბათუმელი მოსწავლეებისა, კონკურსს სხვა გამარჯვებულებიც ჰყავს.  ანდრო პირველი, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიიდან, მარიამ მახვილაძე, გორის მე-12 საჯარო სკოლიდან,  ქიანა შეიჯუნი, ამერიკული უმაღლესი სკოლა-კოლეჯი პროგრესიდან, ლია დეკანაძე და გიორგი რიჟვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია