შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მშობელი: პირველ კლასში ისეთი დაფა აქვთ, ბავშვები ვერ წერენ

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 05 მარტი 2019
ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის „პირველ გ“ კლასში საკლასო დაფა მოძველებულია და მასზე პირველკლასელები ვერ წერენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა. მშობლის თქმით, სწავლის დაწყების დღიდან კლასის ხელმძღვანელთან ჰქონდათ საუბარი მშობლებს და ითხოვდნენ დაფის გამოცვლას, თუმცა კლასში ისევ ძველი დაფაა განთავსებული. „მშობლების ნაწილმა თქვა, ფული შევაგროვოთ და ჩვენ თვითონ ვიყიდოთო, მაგრამ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ფული დადოს“, – აცხადებს პირველკლასელის მშობელი. „ბათუმელები“ სკოლის დირექტორს მანანა დიდმანიძესაც ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში საკლასო დაფების ნაწილი მოძველებულია, თუმცა ახალი დაფების შეძენაზე მოთხოვნა უკვე გაკეთებული აქვს და მალე მიიღებენ. „მშობლების მხრიდან დაფის ყიდვა არ შეიძლება, როცა არის სკოლაში ამის საშუალება. ჩვენ მიწერილი გვაქვს დაფების რაოდენობა, ნაწილი შემოტანილია და ნაწილს კიდევ მოგვცემენ აუცილებლად“, – ამბობს მანანა დიდმანიძე. სულ რამდენია საკლასო დაფაა შესაძენი, დირექტორი არ აკონკრეტებს. რადგან ახალი დაფების ნაწილი მიღებული გაქვთ, „პირველი გ“ კლასის საკლასო დაფა რატომ არ იცვლება? – ამ კითხვის პასუხად დირექტორი ამბობს, რომ „ეტაპობრივად ყველა მოწესრიგდება. მშობლებს კი კიდევ ერთხელ დაელაპარაკება ამ საკითხზე“. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია