შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაზე ისაუბრა ლადო აფხაზავამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 06 მარტი 2019
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს და გლობალური ჯილდოს ათეულის ნომინანტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდა. ის ბათუმში მოიწვია  გამომცემლობამ – „წიგნები ბათუმში“. ლადო აფხაზავამ შეხვედრაზე კითხვებს უპასუხა და სწავლების საკუთარ მეთოდსა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საგანმანათლებლო სივრცეში გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები. ხშირია შემთხვევები, როცა ორგანიზაციაში ხელმძღვანელი რაღაცას იტყვის და ყველა ეთანხმება. წესით უნდა იყოს დებატები. მქონია ისეთი შემთხვევა, როცა მოსწავლე გაბრაზებული იყო ჩემზე და უხეში სიტყვები მაკადრა, მაგრამ კმაყოფილი დავრჩი, რადგან მე ლანგარზე დამიდო აღსაზრდელმა თუ რა მქონდა გამოსასწორებელი. იმაზე მეტი ბედნიერება რა არის, როდესაც მოსწავლე კლასში ყველაფერს დაგილაგებს“. ლადო აფხაზავას აზრით, მასწავლებელს არ უნდა გაუკვირდეს, თუკი მოსწავლე ცუდად მიმართავს: „როცა მასწავლებელი ხარ, უნდა იცოდე, რომ ის არის აღსაზრდელი და უნდა აღზარდო. თუ ყველა კრიტიკაზე, რაც ბავშვებიდან წამოვა, აგრესიას დაუმატებ, მაშინ არაფერი არ გამოვა“. ლადო აფხაზავა შეხვედრაზე.ფოტო: ლელა დუმბაძე შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტის აზრით, დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ შიში კრიტიკის მიმართ, რადგან, მისი თქმით, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები უფრო იჩაგრებიან საზოგადოების მხრიდან. ლადო აფხაზავამ განმარტა, რომ ის საუბრობდა კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე და არა, უბრალოდ, გაკრიტიკებაზე. მენტორ მასწავლებელს კითხვები დაუსვეს კოლეგებთან დაკავშირებითაც. „მასწავლებლების დიდი ნაწილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ისეთებიც არსებობს, ლამის სკამი რომ მესროლა იმის გამო, შენ რატომ გაიმარჯვე და მე არაო. იყო ასეთი საუბრებიც: „რად გინდოდათ კაცო ეს ლანჩხუთელი მასწავლებელი“, „ამაზე მეტი მცოდნე და განათლებული არ იყო საქართველოში?“. ვიღაცეებმა „გამოძიებები“ ჩაატარეს და გამოარკვიეს, რომ თურმე არ ვყოფილვარ პროფესიით მასწავლებელი. მე არ ვაპირებ მათთან კამათს, რადგან  სკოლაში ბავშვებს სიტყვის თავისუფლებას ვასწავლი.“ ლადო აფხაზავას თქმით, ყველას შეუძლია დაწეროს ონლაინსივრცეში საკუთარი აზრი, მაგრამ ამ თავისუფლებაში არ უნდა იყოს სიძულვილის ენა. „როცა სიძულვილის ენაა, ეს უკვე პრობლემაა“, – ამბობს პედაგოგი. ლადო აფხაზავას მსმენელებმა ჰკითხეს პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზეც. მისი აზრით, პედაგოგი მოსწავლისთვის როლური მოდელი უნდა გახდეს. „მე უბრალო ადამიანი ვარ. სახლში ჭურჭელსაც ვრეცხავ, სკოლაში იატაკს ვწმენდ, ფანჯრებიც დამიწმენდია, რადგან შაბათ-კვირას უამრავი სტუმარი მოდის და დამლაგებელი, რომელიც 120 ლარს იღებს ხელფასს, ყველა შაბათს ვერ დაალაგებს სკოლას. ამიტომ მეც ვეხიდები“. მოსწავლეები და სტუდენტები ლადო აფხაზავასთან შეხვედრაზე „წიგნები ბათუმში“. აფხაზავას აზრით, სკოლაში გაკვეთილების გარდა სხვა კომუნიკაცია არ არის, რაც ძალიან პრობლემურია. „მშობლები რომ სასკოლო ცხოვრებაში ჩაგვერთო, მოვიფიქრე ასეთი პროექტი – „ჩვენი შინაური ცხოველი“. ბავშვებმა მოიყვანეს გოჭები, ბეკეკოები, ძაღლები, კატები… ყველა ცხოველი იყო დაბანილი, მოწესრიგებული. მშობლებს მოჰყავდათ ხელში აყვანილი. შემდეგ ბავშვები ყვებოდნენ თავიანთი ცხოველების შესახებ და ეს ძალიან მოსწონდათ მშობლებს. მასწავლებლები კი გაბრაზდნენ, როცა მშობელი შევიდა სკოლაში და რაღაც ინიციატივები წამოვიდა მათგან. გავაკეთეთ პროექტი -„ეთნო რძლები“, სადაც სოფელში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის წარმომადგენელმა საკუთარი სამზარეულო წარმოადგინა. ყველას ეგონა, რომ ამ სუფრას პირველი მასწავლებლები მიუსხდებოდნენ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ რადგან მოსწავლეებისთვის გაკეთდა, ადგილი მათთვის უნდა დაგვეთმო. ცოტა გამიბრაზდნენ ამის გამო“. ლადო აფხაზავამ სკოლების ონლაინ გვერდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ სკოლა დღეს ნაკლებად არის ორიენტირებული ბავშვზე, ეს ყველაფერში ჩანს. ლადო აფხაზავა მოსწავლეებს ბათუმში სწავლების საკუთარ მეთოდებზე ესაუბრება.ფოტო: ლელა დუმბაძე „ერთხელ სკოლაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ფოტოც კი ვერ დავდე ვებგვერდზე. ღონისძიების დროს წინ განლაგდნენ შაოსანი მასწავლებლები, შემდეგ ბავშვებმა ვარდებიც მისცეს და პანაშვიდს დაემსგავსა სიტუაცია. მე ვთქვი, რომ ასეთ სურათს ვებზე არ დავდებდი და ისევ გამიბრაზდნენ. თუ სკოლა მოსწავლეზეა ორიენტირებული, ასე ელემენტარულში რატომ ვიჭრებით“. ლადო აფხაზავას აზრით, დღეს პედაგოგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფომ მოსწავლეების უფლებები გაზარდა, ისინი კი შეზღუდა, რაც არარეალურია. მისი აზრით, სკოლაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ეს როლი უნდა შეასრულონ. „საჯარო სკოლაში მე, პირადად, ვარ მშობლის მიერ დაქირავებული, რადგან სკოლა ბავშვის ვაუჩერით ფინანსდება, ამიტომ სკოლაში ბავშვი და მშობელია მთავარი. თუმცა ეს არ იგრძნობა. კერძო სკოლაში როცა მშობელი მიდის, დირექცია ფეხზე დგება, ფულს იხდის და აბა როგორო, საჯარო სკოლაშიც ფულს იხდიან მშობლები“. ერთ-ერთი შეკითხვა მოზარდების სქესობრივ განათლებას შეეხებოდა. ლადო აფხაზავას აზრით, სქესობრივი განათლების საკითხში არაფორმალური განათლება არ შეიძლება. „ეს უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ. ფორმალური განათლება უნდა დაიშვას და სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რომელ ასაკში არის ეს განათლება მისაღები. სახელმწიფომ უნდა ჩართოს ექსპერტები, ფსიქოლოგები და დანერგოს ფორმალური სისტემა“.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია