შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21695 
 09 მარტი 2019
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი. 1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.დღეს, ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ახალციხეში რაიმე ღონისძიება არ გამართულა. რვა მარტი მხოლოდ თვითმმართველობების წარმომადგენლება აღნიშნეს, როგორც ახალციხეში, ასევე სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში. როგორც გასულ წლებში, წელსაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ქალებს საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს. ქალთა მიმართ მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურად აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სტუდენტები ქუჩებში გამოდიან და ქალებს ყვავილებს ურიგებენ. წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა საღამო მოაწყეს სახელწოდებით – „ქალი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია“. ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე ქალებისთვის ლექსები წაიკითხეს. „1920–იან წლებამდე ეს დღე ჯერ კიდევ ქალთა უფლებებისა და საჭიროებებისთვის ბრძოლის დღე იყო, 1930 წლებიდან კი სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ის ქალთა უფლებების კუთხით შედგა და 8 მარტი ზეიმისა და გამარჯვების დღედ იქცა“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მკვლევარი მაია ბარქაია. მისი თქმით, პოსტ–საბჭოთა საქართველოში რვა მარტის თავდაპირველი შინაარსით დაბრუნების მცდელობის მიუხედავად, ის მაინც საკარნავალო დღესასწაულად დარჩა: „ქალთა უფლებებზე საუბრისას გაბატონებული პოლიტიკური კლასი ძირითადად ქალის ინდივიდუალურ და სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე საუბრობს, სოციალურ–ეკონომიკურ უფლებებს კი გამორიცხავს. ამის მაგალითია ისიც, რომ ქვეყანას გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტში უამრავი ანგარიში აქვს გაგზავნილი, თუმცა 2002 წლის შემდეგ არცერთი ანგარიში სოციალურ–ეკონომიკურ კომიტეტში არ გაუგზავნია. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა კი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული შრომითი გარემო“. საქართველოში წელს პირველად გაიმართა სარვამარტო მსვლელობა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური თანასწორობის მოთხოვნით. მსვლელობა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით დედაქალაქში 16:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. მსვლელობის მნიშვნელობისა და შინაარსის შესახებ მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი ნენო ჩარკვიანი გვიყვება: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი რვა მარტი ფართო საკითხებით აღგვენიშნა. ჩვენი ძირითადი მესიჯი იყო „არ არსებობს უმუშევარი ქალი“, ამის მიზანი არის ის, რომ საშინაო შრომა აღიქმებოდეს როგორც შრომა და დიასახლისები, რომლებიც დღეს უმუშევრად ითვლებიან, სახელმწიფომ დასაქმებულებად აღიაროს“. აქციის მსვლელობისას ჟღერდებოდა სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, მათ შორის „გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“, „ჩვენ ვითხოვთ საბინაო პოლიტიკას“. „საბინაო პოლიტიკა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ძალიან ბევრი ქალი მუდმივად განიცდის ჩაგვრას სწორედ იმიტომ, რომ მათ ხშირად წასასვლელი არსად აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ქალები გაძლიერდებიან და დაძლევენ წინაღობებს, თუ კი ეკონომიკურად გაძლიერდებიან“, – ამბობს ნენო ჩარკვიანი. მსვლელობამდე „სოლიდარობის ქსელის“ მიერ 8 მარტის მანიფესტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღე მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ამზადებენ სადილს, ვახშამს, მხოლოდ დაბნელებულზე შედიან სახლში და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას“.თბილისის გარდა დღეს აქცია სახელწოდებით „ვინ თუ არა შენ! დღეს თუ არა როდის!“ ქუთაისშიც გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ქალთა უფლებების მოთხოვნით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამდე მსვლელობა გამართეს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება