შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭერმის ტბა კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მანქანა დააზიანა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30399 
 12 მარტი 2019
რამდენიმე დღის წინ ჭერმის ტბა კალაპოტიდან გადმოვიდა და ხევში გაჩერებული რამდენიმე მანქანა დააზიანა.


როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მანქანის პატრონმა აღნიშნა, ტრანსპორტი ისე დაზიანდა, რომ ჯართში ჩასაბარებელი გახდა.
„შეშით დატვირთული მანქანა გამიფუჭდა და ღამე ჭერმის ხევზე დავტოვე. დილით მისულს ტრანსპორტი აღარ დამხვდა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ქვემოთ ვიპოვე, ისე იყო დაჭეჭყილი, რომ აღარ გამოდგებოდა. ამიტომ იძულებული გავხდი, ჯართში ჩამებარებინა. ასევე, როგორც მითხრეს, ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე მანქანაც წაუღია წყალს.“ - გვითხრა მძღოლმა, თუმცა, ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.


ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჭერემში გიორგი ჩიტაშვილმა თავდაპირველად უარყო, რომ წყალი ტბიდან გადმოვიდა, თუმცა, მოგვიანებით დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ სოფელში თითქმის ყოველ წელს ხდება.
„კვირას ღამით, ტბიდან გადმოვიდა წყალი. სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა, თუმცა მალევე მივიღეთ ზომები. გზა მეორე დილით უკვე გახსნილი იყო. ადგილზე არაფერი დაუზიანებია. ქვემოთ კიდევ 17 კილომეტრია და იქ თუ რამე მოხდა არ ვიცი.“


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, წყალმა ხელოვნურად გაკეთებული მიწაყრილი გაარღვია.
„დამბასთან ხელოვნურად იყო გაკეთებული მიწაყრილი მანქანების გადასასვლელად. ამ მიწაყრილმა შეაკავა გარკვეული რაოდენობა წყალი და შემდეგ გაარღვია. დიდი არაფერი მომხდარა, დაზიანდა ხევზე გადასასვლელი გზა, რომელიც იმ დღესვე აღვადგინეთ. ხევში რამდენიმე შეშის მანქანა იყო ჩარჩენილი და ნაპირზე მინაშა, რომელიც დილით ამოიღეს. გზა გადავასწორეთ ტრაქტორით და მოძრაობა მალევე აღდგა.“


მისივე თქმით, ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგა და საშიში აღარაფერია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია