შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'ადამიანები მშიერი კვდება...ასეთ ცხოვრებაში ამყოფა ღმერთმა, ჩვენი ამ დღეში ჩამგდები"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36861 
 12 მარტი 2019

გაძვირებულ პროდუქტს ხალხი ვეღარ ყიდულობს. ყველაზე მეტად ინფლაციამ დაბალი სოციალური ფენა აზარალა. მოსახლეობას განსაკუთრებით ხორცის და რძის პროდუქტების შეძენა უჭირს.

რამდენად გაუძვირდათ ცხოვრება წინა წლებთან შედარებით, როგორია მათი ყოველდღიური ყოფა და კვების მენიუ?-ამ კითხვებზე "გურიის მოამბემ" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე ოზურგეთელის აზრი მოისმინა.

ს.ჯინჭარაძე ასე ქვია, ვართ მშიერი და მწყურვალე. ჩვენ  რა  ცხოვრებაში ვართ? ასეთ ცხორებაში ამყოფა ღმერთმა, ჩვენი ასე ჩამგდები. ორი თავი კარტოფილით გააკეთებ  წყალზე სუპს, უზამ მარილს და  დალევ. ესაა ჩვენი ცხოვრება

ზ.ვასაძე. თუ ხელისუფლება არ შეიცვალა  და რაფერი არ გამოკეთდა, კი ვიქნებით ასე დამშეულები.

ნ.თავბერიძე. მე რომ ოზურგეთში გაჭირვება ვნახე, გეფიცებით ყველაფერს, მსგავსი ჩემს სოფელში, ბასილეთში  არ მინახია. იქაც უჭირთ  რა თქმა უნდა ხალხს, მაგრამ ასეთი აქ  როა? ორ ფოთოლ მწვანილს რომ იყიდის  ადამიანი, იმან რა ქნას? არა აქვს მეტი საშუალება. 

 ი. ტრაპაიძე -  ძირითადი  ჩვენი საკვები არის ჩაი და პური. აი მთავრობა რომ წავა, მერე  შეიძლება დაგვადგეს რაიმე საშველი.  მანამდე არაფერი არ გვეშველება. მიტაცებულია ჩვენი ქვეყანა ერთი კაცის მიერ. ჩემს ირგვლივ არის ოჯახი, პურსაც რომ ვერ ყიდულობს. ჩვენ პურის ყიდვას ვახერხებთ, მეტს ვერაფერს.

 ნოდარი ჭელიძე -გაძვირებულია ყველაფერი და რა ეშველა  ხალხს  არ ვიცი. ახლა  რომ გაძვირეულია ყველაფერი, ამის მიხედვით ერთ ოჯახს სჭირდება 700-800 ლარი, რომ თავი  ირჩინოს. ჩემი ოჯახის  რაციონია, ლობიო, ბორში და რა ვიცი რა. ხორცზე  ზედმეტია ლაპარაკი. 

მერაბ ფიფია: დღეს  არ არსებობს საშუალო ფენა.  არის  უღარიბესი  და არის მაღალი ფენა. ამას თუ არ მიექცა  ყურადღება  მთლიანად გადაშენდება ერი. მირბის ხალხი, გარბის. ხალხი  ოცნებობს იმაზე, რომ ზაფხული მოვიდეს  და  წავიდეს თურქეთში.

მაყვალა ბერიძე - ძალიან გაძვირებულია ყველაფერი. ადამიანები მშიერი კვდება. არაფერი შემოსავალი არაა. სამუშაო  არაა, რომ თავი ირჩინო. რა ქნას ხალხმა, ხომ ვერ მეიპარავს?  ეს მთავრობა ჩვენ არ გვინდა.

ამდენი შიმშილით და უვარგისი ცხოვრებით დაავადმყოფდება ეს ახალგაზრდობა, გამეიფიტება და მოკვდება და დარჩება მთავრობა მარტო. ძალიან გვიჭირს, ძალიან გაჭირდა ცხოვრება.

 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია