შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლელობურთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36865 
 12 მარტი 2019

ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. 

რთულია ვიმსჯელოთ ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე თამაშობენ ლელობურთს, რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება.

ამ თამაშს გურულები 1854 წლის "შუხუთფერდის" ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. 

ლელო გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს, "ცაცხვების ქვეშ" იმართება.

ჰასან ბეგი, გურიელების ტრაგედია და ლელობურთი

”ქვემოურთა" და "ზემოურთა" მიზანი- 16-კილოგრამიანი, ნახერხით, სილითა და ღვინით გაჟღენთილი ბურთის მიტანაა საკუთარ ღელესთან...
მამია გურიელი 37 წლის ასაკში 1826 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა, გურიაში ხმა გავარდა, ახალგაზრდა მთავარი რუსებმა მოწამლესო....

ეს ის პერიოდია, როცა რუსებს თბილისი დაპყრობილი აქვთ და თვალი სამთავროებზე უჭირავთ. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, რუსთა ხელმწიფემ, მამია გურიელის სახელზე, თბილისში სასახლე ააშენა, მამიას გენერლობა უბოძა და მისმა წარმომადგენლებმა, ახალგაზრდა მთავარი, თბილისში, მისსავე სახელზე აშენებულ სასახლეში, მიიპატიჟეს. გურიელს, თბილისში, რუსებმა, არნახული მიღება მოუწყვეს.

თბილისიდან დაბრუნებული,ახალგაზრდა მთავარი, მოულოდნელად სახლში ჩაიკეტა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა... და გურიაზე რუსთა შემოტევებიც დაიწყო... ის მისმა მეუღლემ, სოფიო გურიელმა-წულუკიძემ შეცვალა, თუმცა რუსთა შემოტევების გამო ოზურგეთი რამდენიმე წელიწადში დატოვა და თავი თურქეთს შეაფარა...

თურქეთს შეფარებული გურიელების ნაწილის შემორიგება რუსებმა შეძლეს, მაგრამ მამია გურიელის ვაჟიშვილი, შამილის მხარდამჭერებთან ბრძოლაში მაშველი ძალის გარეშე დატოვეს და სოფელ ახირგოში სასიკვდილოდ გაიმეტეს, რის შემდეგაც გურიაში, სამთავრო ტახტიც გაუქმდა და ის ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა. გურულთა დიდი ნაწილი ვერ შეეგუა რუსების ბატონობას და გურიის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მათ, ოსმალოს დროშის ქვეშ გადაწყვიტეს.

მამია გურიელის მმართველობისას გურია ეკონომიკურად მოძლიერებული იყო... 1854 წელი, ყირიმის ომის პარალელურად ოსმალებმა გადაწყვიტეს რუსეთისთვის სამხრეთიდანაც შეეტიათ, მათ ამისთვის რუსეთის იმპერიისაკენ ჯარები სამი მიმართულებით დაძრეს: ოზურგეთი, ახალციხე და ნახიჭევანი... ოზურგეთის მიმართულებას 35-ათასიანი ლაშქრით მუშირ სელიმ ფაშა ხელმძღვანელობდა. ამავე წლის მაისში ის ბათუმიდან გამოვიდა, და ბანაკი ლეღვასა და ცხრაფონას შორის დასცა. ოზურგეთში მას 10-ათასიანი მეომრით ერეკლე II შვილიშვილი, გენერალი, ივანე ანდრონიკაშვილი ელოდა. ოსმალებმა ოზურგეთზე შეტევა გადაწყვიტეს. მათთვის მოულოდნელად ანდრონიკაშვილმა ოზურგეთი უბრძოლველად დატოვა და ნიგოითში დაბანაკდა. ამით მან ოსმალოების შესაძლო მოკავშირეებს _ ინგლისელებს არ მისცა საშუალება, იმერეთის გავლით ხაშურისაკენ წასულიყვნენ და იქ ახალციხიდან მომავალ ოსმალთა მეორე მიმართულებას შეერთებოდნენ, მათი მიზანი გაერთიანებული ძალებით თბილისის აღება იყო.

მუშირ სელიმ ფაშას ჯარებმა მთლიანად გაძარცვეს ოზურგეთი, შემდეგ კი ფაშამ თავისი ლაშქრიდან გამოყო სამიათასიანი შენაერთი (ბაში ბუზუკები-მოხალისეები-ანუ გამაჰმადიანებული ქართველები), ეს შენაერთი მუსლიმანი ქართველებისაგან იყო დაკომპლექტებული და მას სამი ფაშა, ერთი ეგვიპტის, მეორე გვარად დუმბაძე - შემოქმედიდან და მესამე ჰასან ბეგ თავდგირიძე ხელმძღვანელობდა. თავდგირიძეები - ბაგრატიონების შთამომავლები, სამცხის თავადები, თავად გვარი იწარმოება - "თავზე გვირგვინის დადგმისაგან"- ისტორიკოსთა ცნობით, მეფედ კურთხევის ცერემონიალის დროს, მხოლოდ ამ გვარის წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლება კანონიერი მეფისათვის თავზე გვირგვინი დაედგათ - რამდენიმე საუკუნით ადრე, გურიელმა, თურქებისაგან სამცხეში დევნილ თავდგირიძეს, მისი ქალიშვილი მიათხოვა და მზითევში ქვემო გურია (ქობულეთი და მიმდებარე ტერიტორია) გადასცა, თუმცა მისმა შთამომავლებმა, მოგვიანებით, ოსმალების ქვეშევრდომობა მიიღეს.

ჰასანბეგ თავდგირიძემ, სამიათასიანი ლაშქრით სუფსა გადალახა და გვიმბალაურში 26 მაისს ბანაკი დასცა. 27 მაისს დილის ექვს საათზე ჯარმა სვლა განაგრძო და ის შუხუთთან, ანდრონიკაშვილის მოწინავე ჯარს წააწყდა. ანდრონიკაშვილის მოწინავე ჯარში სამი ათასი ადგილობრივი მოხალისე, ე.წ. მილიციელი (მართლმადიდებელი ქართველები), იბრძოდა., სწორედ ამ ბრძოლაში იცნო ჰასან ბეგი, ადგილობრივმა ელისე ჭყონიამ, მოჰკვეთა მას თავი და ის ანდრონიკაშვილს მიართვა, მოგვიანებით თავდგირიძის თავი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში წაიღეს და ის სახალხო ზეიმის მიზეზიც კი გახდა მართლმადიდებელ ქართველებში. ბრძოლა ანდრონიკაშვილის დროშის ქვეშ მებრძოლი ქართველების გამარჯვებით დასრულდა, ოდნავ მოგვიანებით, 4 ივნისს კი, იგივე ანდრონიკაშვილის 10-ათასიანმა ლაშქარმა ცოტა უკანდახეული და ჩოლოქის სიმაღლეებზე გამაგრებული მუშირ სელიმ ფაშას 35-ათასიანი ლაშქარი თითქმის მთლიანად გაანადგურა, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა...

სწორედ 1854 წლის 27 მაისს, შუხუთთან მომხდარი ძმათამკვლელი ომის შემდეგ, "იშვა" "ჰასანბეგურა"... და ლელობურთი.. შემდეგ კი.. ყოველწლიურად, აღდგომა დღეს ამ სოფელში მოსახლეობა ორად იყოფა და... და კომუნისტებმა რომ ვერაფრით ვერ შეძლეს ამ ტრადიციული ლელოს აკრძალვა, ის პირველ მაისს დაამთხვიეს.. იწყება გუნდური თამაში ბურთით, ორაგ დაყოფილ ქვემო და ზემო შუხუთელებს შორის," ქვემოურთა" და "ზემოურთა" მიზანი- 16-კილოგრამიანი, ნახერხით, სილითა და ღვინით გაჟღენთილი ბურთის მიტანაა საკუთარ ღელესთან...

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია