შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კირკიტაძის პროცესზე ადგილი ჰქონდა მოსამართლის მიმართ მუქარას - იუსტიციის საბჭოს განცხადება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30417 
 14 მარტი 2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პროცესის შემდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.
საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

-"12 მარტს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართა. სხდომას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა. მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე.

დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას.,"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 12 მარტს, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძის გათავისუფლებას ეხებოდა, განუხილველად დატოვა. მან პროცესზე განმარტა, რომ ეს საკითხი წინა სასამართლო სხდომაზე უკვე განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია