შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21736 
 12 მარტი 2019
ახალციხიდან ადიგენისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სოფელში, ფარეხაში, 84 წლის ვენერა ღვინიაშვლი ათეულობით წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ამიტომ მას არც ტელევიზორი, არც რადიო და არც ტელეფონი აქვს. ამბობს, რომ ქვეყნის ამბებს, მაშინ იგებს თუ სოფელში ქალაქიდან ვინმე მივა. ღვინიაშვილთან ერთად, ფარეხაში კიდევ ერთი ოჯახი, 57 და 60 წლის და–ძმას ცხოვრობს. ორკომლიანი დასახლების ეზოში, მხოლოდ ერთი პატარა ფანჩატურია, რომელიც შარშან გაკეთდა. ადგილობრივები მზიან დღეებს აქ ერთმანეთთან საუბარში ატარებენ: „რვა საათი გახდება თუ არა ვწვებით და ვიძინებთ, აბა რა გავაკეთოთ ბნელაში. 21 –ე საუკუნეში რომ ასეთ დღეში იქნები, სხვა რაზე რა უნდა ილაპარაკო“. როგორც ფარეხაში მცხოვრებლები ამბობენ, ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარების თხოვნით არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფარეხისთვის გათვალისწინებული მიმდინარე წელს 10 000 ლარი იყო, თუმცა ადგილობრივებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად მათ არც ის იცოდნენ, რომ ამ თანხაში იმის გაკეთებას მოითხოვდნენ სოფელში, რაც თავად სურდათ. აღნიშნული პროგრამის შესახებ მათ „სამხრეთის კარიბჭისგან“ დღეს, 12 მარტს, გაიგეს. „აქ არავინ მოსულა არც კრება ჩატარებულა და არც თანხის ოდენობა უთქვამს ვინმეს“, – გვითხრეს მათ. ფარეხაში კრების ჩასატარებლად რომ არავინ მისულა, ამას მერის წარმომადგენელი ვარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიქტორ მინაძე და მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილიც გვიდასტურებენ. „კრება ვარხანში ჩავატარეთ, აქ ფარეხიდან წასული მოსახლეობაც ცხოვრობს, ამიტომ მათმა უმრავლესობამ რაც აირჩია იმას ვაკეთებთ. ვარხანის თემში შედის ფარეხა და იქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში არსენ ბალახაშვილმა. ვარხანში ადგილბორივების გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სკვერი კეთდება. „ფარეხაზე 10 000 ლარია გამოყოფილი, ვარხანზე კი 16 000 ამიტომ გავაერთიანეთ და სკვერს გავაკეთებთ, სოფლის პროგრამიდან კონკრეტულად ფარეხაში არაფერი გაკეთდება“, – აცხადებს ვიქტორ მინაძე. ფარეხაში მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ამ თანხით შესაძლებელი იყო რაღაცა მათ სოფელში გაეკეთებინათ: „არ ვიცით სად რა სკვერი კეთდება. როცა სხვა პრობლემები მოგვარებული გაქვს, სკვერი ცუდი არააა, მაგრამ წლებია ტელევიზორი არ გვინახავს თვალით და შუქი არ გვაქვს, ჩვენთან სკვერის გაკეთებას რომელი მოითხოვდა?!“ ადიგენის მერიაში ირწმუნებიან, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფარეხაში მცხოვრებლებს ელექტროენერგია აუცილბელად ექნებათ: „მზის ბატარიები უნდა დამონტაჟდეს, ამაზე უკვე მიდის მუშაობა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ ფარეხას რამე აკლია, რადგან წყალიც აქვთ, კორპუსიც შევურემონტეთ და მისასვლელი გზაც არის მანდ“.ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ფარეხაში მცხოვრებლებთან შეუთანხმებლად მათი თანხა უფრო დიდი სოფლისთვის არ უნდა მიეცათ: „არ აქვს მნიშვნელობა ერთი კაცი ცხოვრობს, ორი თუ ათი, ეს თანხა ფარეხასთვის იყო გამოყოფილი და აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ მათი აზრიც იმიტომ რომ ეს თანხები რეალურად სწორედ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით იხარჯება“. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებმა ადიგენის მერიამაც „სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში“ პრიორიტეტები უკვე ყველა სოფელში შეარჩია.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: სატაცური [ვიდეო]

საზოგადოება