შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა

 15 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბორცვაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა. რამდენიმე თვიანი მაშტაბური ოპერაციულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში-ფონიჭალის დასახლებაში, 29 პირია დაკავებული. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი - დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.” - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 317 პირი მისცეს. 



 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია