შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სოლოლაკის კარზე მოხეტიალეები"-ვისი იმედი არ უნდა ჰქონდეს ბიძინას?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36913 
 14 მარტი 2019
ნაფთალინიდან ამოღებული ღარიბაშვილი, თვალპაჭუნა გახარია და სოლოლაკის კარზე მოხეტიალეები, ანუ ვისი იმედი არ უნდა ჰქონდეს ბიძინას- ნაწყვეტი "პროვოკატორის" ბლოგიდან.  
ეგებ და "პარტიის შესაკვრელად" ნაფთალინიდან ამოღებულმა ღარიბაშვილმაც იპოვოს ვინმე ისეთი სახეები, რომლებიც გამოადგება ქვეყანას! სხვაში არაფერში გამოსდგომია თამაზაშვილების სიძე საქართველოს და ეგებ ახლა ვოლსკის პარტიულ თანამდებობაზე "ამხედრებული" გამობრწყინდეს! მართალი გითხრათ, არანაირი იმედი არ მაქვს ღარიბაშვილის, მაგრამ ყველაზე დიდხანს იმედი ცოცხლობს და მის ერთ მუჭა მხარდამჭერებსაც ნუ ჩავუქრობთ სიხარულს! თუ მკითხავთ, რატომ არ გჯერა ნაპრემიერალი ღარიბაშვილისო, გეტყვით არგუმენტსაც: თუ ვარგისი იყო, რად განაგდეს და თუ უვარგისი იყო, რად მოაბრუნეს? ძალიან ურტყამს ეს თავმოყვარეობაზე "როცა მინდა გაგიშვებ, როცა მინდა დაგაბრუნებ" სახელმწიფო მოხელის იმიჯზე. რა სახელმწიფო მოხელის იმიჯი, ასე ადრე, ფეოდალურ პერიოდში ექცეოდნენ ხელზე მომსახურე ბიჭებს და ჩემი თუ არ გჯერათ, ვინმე ისტორიკოსს დაეკითხეთ! თანაც, ახალი სახეების მოზიდვა პარტიაში არა ღარიბაშვილს, არამედ კალაძეს დაევალაო, ასე უთქვამს კობახიძეს. მაშასადამე, კიდევ ერთხელ მიმძაფრდება განცდა, რომ ღარიბაშვილის მიწევ-მოწევით ბიძინამ დაანახვა თანაპარტიელებს, რომ გაშვებაც შეუძლია ნებისმიერი თანამებრძოლის და მერე დაბრუნებაც... ისე, ყურმოკრული ამბავია და არა დადასტურებული, ირაკლი მაშინ იმიტომ გაუშვა ივანიშვილმა, რომ თამაზაშვილების კლანმა ისურვა "ტეხასმოტრების" ბიზნესის ხელში ჩაგდება და მომეტებული მადის გამო გაუშვა პრემიერი ბიძინამ "სამშობლოსა და ღმერთის სამსახურებლად", ხანგრძლივ არდადეგებზეო. ამ პროვოკაციის წაკითხვის მერე, სადაც თავმოყვარეობაა, ირაკლი ისევ უნდა წავიდეს სადმე მოყუჩებულ ადგილას, მაგრამ არც ნება იყო გამოჩენა მისი, არც გაუჩინარებას დაეკითხებიან...

წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე კარგი პრეტესტი ჩაუტარდება "ქართულ ოცნებას", მაგრამ რამდენჯერ უნდა დავტესტოთ სოლოლაკის კარზე მოხეტიალეები ამომრჩევლებმა? ჭკუას ვერც ეგენი სწავლობენ და ვერც ჩვენ. მაინც მივალთ არჩევნებზე, ავირჩევთ "41"-ს (ან მასთან გათანაბრებულ ნომერს) და მათი აღმატებულება არჩეულნი თავს აღარ გაგვიტოლებენ, თითქოს და მეფეები იყვნენ და არა - დაქირავებული მოხელეები! პარლამენტარებისა და მინისტრებისა რა უნდა გაგიკვირდეს, სპორტულ ფედერაციებში მოკალათებული ტიპები თვლიან, რომ მარადმწვანე კადრები არიან და თუ მოუნდებათ, მოქმედ სპორტსმენებს კისერშიც წაუთაქებენ და ფედერაციასაც კინწისკვრით დაატოვებინებენ. სპორტის იქითაც არ გვაქვს კარგად საქმე, მოკლედ ვიტყვი ბარემ, ბიძინას ბევრი საქმე დაუგროვდა, გამრჯე კახელი გლეხისა არ იყოს, ყველა საქმე მაგის საკეთებელი შეიქმნა და ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილ-თამაზაშვილების იმედი არ ჰქონდეს, არც გახარიას თვალის ჩაპაჭუნების! 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია