შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

MDF-ის კვლევა რუსული პროპაგანდის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებში

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21794 
 15 მარტი 2019
"მედიის განვითარების ფონდმა" ფოკუს-ჯგუფები მარნეულში, გარდაბანში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან დააკომპლექტა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადამიანებს აზრი მოისმინეს რუსული მედიის მიერ ინტენსიურად გაშუქებულ არაერთ საკითხსა და მის მიერვე გაჟღერებულ ყალბ ინფორმაციაზე. მათ შორისაა აშშ-ს პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, სკრიპალების საქმე, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული კონსპირაციები და სხვ.კვლევის მიხედვით, ადამიანების 61.5%-მა ინფორმაციის მიღების წყაროდ რუსული “ოდნოკლასნიკი” დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა, 65%, აღნიშნულ ქსელს არ ენდობა.MDF-ის ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს მიაჩნია, რომ არც ხელისუფლება და არც საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირებისათვის საკმარის რესურსს არ იყენებენ. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ ზოგ შემთხვევაში, ადამიანები რუსულ მედიას ეცნობიან მაშინაც, როცა მისი არ სჯერათ, თუმცა მათთვის რუსული არხების შინაარსი უფრო მიმზიდველია.“პრობლემაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეგიონზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოახდინოს მათი ინფორმირება ამ მტკივნეული საკითხების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ არიან მეზობელი სახელმწიფოების გავლენების ქვეშ. გამოჩნდა ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში იციან, რომ რუსული მედია იტყუება, თუმცა უფრო მიმზიდველია ის კონტენტი, რომელსაც რუსული არხები სთავაზობს. გარდა ამისა, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ ქართული არხების გადაცემებში და არის გაუცხოება, გარკვეულწილად”, – უთხრა თამარ კინწურაშვილმა “ნეტგაზეთს”.მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ტელერეიტინგების დათვლაზე პასუხისმგებელი კომპანიები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს არ ფარავენ. ამის გამო, მათი საჭიროებების უკეთ გარკვევა ვერ ხერხდება.MDF-ის კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ რეიტინგების მზომავ კომპანიებს მიემართება, მეტად დაინტერესდნენ აღნიშნული რეგიონებით. ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ რეკომენდაციებს შორისაა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, ასევე სახელმწიფო და დასავლური ენების შემსწავლელი პროგრამების შეთავაზება. ფონდი მეტად ინკლუზიური გაშუქებისკენ მოუწოდებს მედიას, საკუთრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს კი უმცირესობების ენებზე ინფორმაციის რეგულარულად გადაცემის, მრავალფეროვანი პროგრამების მომზადებისა და საზოგადოებაში მედია წიგნიერების ასამაღლებლად მუშაობის რეკომენდაციებით მიმართავს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება