შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21789 
 15 მარტი 2019
საგამოფენო დარბაზი ახალციხეში, ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე მცხოვრებ ალექნსანდრე იგითხანიანის სახლშია. თვითონაც მხატვარია და გადაწყვიტა, მისი კოლეგების ნამუშევრები ერთ დიდ ოთახში გამოეფინა. როგორც საგამოფენო სივრცის შესასვლელში ვკითხულობთ, სომეხ შემოქმედთა კავშირი ახალციხელი იმპრესიონისტის, ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობისაა. გვიყვება, რომ ადრე ქალაქში მეტი მხატვარი იყო. დღეს კი ყველა სადღაც მიდის, ხელოვნება ნაკლებად აინტერესებთო ამბობს. „ჩვენს შესახებ საიდან გაიგეთ? ქალაქში ძველი ახალციხელი თითქმის აღარავინ დარჩა, მხატვრობაც აქ ისე აღარ აინტერესებთ, მაგრამ ვიღაცები ხომ დარჩნენ ვისაც ეს ხელოვნება უყვარს, არა? აი ამიტომ 2011 წლის თებერვალში დავაარსეთ დიდი ახალციხელი მხატვრის, ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირი, რომელიც ყველა ეთნიკურად სომეხს აერთიანებს, ვისთვისაც ხელოვნება ძვირფასია“.60 წელს გადაცილებული მხატვარს თავის პირველი ნახატიც ახსოვს: „გაგარინის კოსმოსში გაფრენა დავხატე, ალბათ მაშინ ბაღში დავდიოდი. ყველა ჟანრი მომწონს, განსაკუთრებით რენესანსის მხატვრები, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ელ გრეკო,“ – ამჟამად მეათე საუკუნის საგანმანათლებლო სომხური კერის, ტათევის მონასტრის პეიზაჟს ხატავს.ალექსანდრეს თქმით, შემოქმედთა კავშირის დაარსების მიზანია, რომ ადგილობრივებმა ხელოვნებისადმი სიყვარული არ დაკარგონ. მისი თქმით, ვისაც მხატვრობა უყვარს, ყველას შეუძლია გალერიას ესტუმროს. შემოქმედთა კავშირში ახალციხელი ფერმწერების მხატვრობა, ასევე მოქანდაკე ხორენ ნაზარეციანის ნამუშევრებია გამოფენილი.მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა თვრამეტი წლის ამალია კარაგეზიანია. ხატვა 11 წლისამ დაიწყო, წელს აბიტურიენტია და პროფესიაც შერჩეული აქვს. აპირებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლოს.„ოჯახში მხატვარი არავინ მყოლია, ჩემთვის დავიწყე ხატვა და ეს პროცესი ძალიან შემიყვარდა, ძირითადად პეიზაჟებს ვხატავ. ყოველ ნახატში ემოციას და სულიერ მდგომარეობას ვდებ“. ამალიას სამი პერსონალური გამოფენა ახალციხეში, რუსთავსა და ახალქალაქში ჰქონდა. მის შემოქმედებაში ახალციხის პეიზაჟები ჭარბობს, ზეთებში ელენე ახვლედიანის „თელავიც“ გადახატა, გამორჩეულად კი მზესუმზირების პეიზაჟი მოსწონს, მის შექმნას ოთხი თვე მოანდომა: „ახლა რადგან გამოცდებისთვის ვემზადები, არ შემიძლია ყოველდღე დავხატო, ისე ყოველდღიურად ექვსი–შვიდი საათის განმავლობაში ვხატავ.აქ ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად ხაზვას სკოლაში არ ვსწავლობთ და ამიტომ აქ მოვდიოდი. მხატვრების გარდა, აქ გამოფენას ტურისტებიც ათვალიერებენ ხოლმე და მიხარია, რომ ჩემს ნამუშევრებსაც ათვალიერებენ“. 60 წლის ჰამლეტ კოლიანს განსაკუთრებით ქართული და სომხური რეალიზმი უყვარს, როგორც თვითონ ამბობს „გულთან ახლოს არიან“. გვიყვება, რომ ბავშვობაში შემთხვევით წიგნში ნახატებს გადააწყდა და ხუთი წლისას, პეიზაჟების წარუშლელი სიყვარული გაუჩნდა: "ხუთი წლის ვიყავი რაღაც წიგნი რომ გავაღე, ვხედავ ხელითნახატ სურათებს, აი მაშინ შემიყვარდა, მერე დავიწყე ბუნებაში სიარული. პირველი ნახატი საფარა იყო. 1973 წელს პიონერები წაგვიყვანეს პეიზაჟის დასახატად, ასე შეიქმნა ჩემი პირველი ნახატი „საფარა“, თოთხმეტი წლისა ვიყავი“.ახალციხეში დაიბადა, სკოლაც აქ დაამთავრა და ბუნებაში ხატვაზე შეყვარებულს, აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა მშობლებმა ხელი არ შეუწყვეს: „მამაჩემი უბრალო კალატოზი იყო, არ ესმოდა ხატვა ასე რატომ მიყვარდა. რომ გავხდი 16–17 წლისა, ხატვის უფრო ძლიერი სიყვარული გამიჩნდა, მინდოდა მოსკოვში, ან თბილისში მესწავლა, მაგრამ თვითნასწავლად დავრჩი. დღემდე ერევანში, ან თბილისში თუ მივდივარ, როგორც ქრისტიანი ეკლესიაში, ისე შევდივარ მუზეუმებში“. ცხოვრებამ აჩვენა, რომ მარტო ნახატებით ოჯახს ვერ შეინახავდა და დღემდე ხელოსნად მუშაობს. იძულებული ვიყავიო, ამბობს: „მაგრამ რახან გულში ხელოვნების სიყვარული მაქვს, მაინც დღემდე ვხატავ, ჩემი ბედი ესაა. პეიზაჟების ხატვას ვერ ველევი, ახალციხის ყვავილები მიყვარს, ახალგაზრდებიც ხომ ერთმანეთი რომ უყვარდებათ, ყვავილებს ჩუქნიან არა?“ ჰამლეტს სომეხ მხატვრებთან ერთად ელენე ახვლედიანის, უჩა ჯაფარიძის, სერგო ქობულაძის მხატვრობა უყვარს. ახალგაზრდებისთვის კი ერთი თხოვნა აქვს: „მართალია ეს პროგრესი ეგეთი რამეა, რომ ახალი ტექნოლოგია გამოდის, მაგრამ ჩემი სურვილი არის, რომ ახალგაზრდები ბუნებაში ხშირად გადიოდნენ“.ჰამლეტს მაისში პერსონალური გამოფენა ექნება. ამბობს რომ შემოქმედთა კავშირს მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მხატვრობას ენთუზიაზმით მიუბრუნდა: „რაც ეს კავშირი დაარსდა, ბევრი მხატვარი გავიცანი. ვხვდებით ერთმანეთს, ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, მათგან აზრი მოვისმინე, რაღაც ვისწავლე, იმათ ალბათ ჩემგან ისწავლეს. დიდი სტიმული მომცა აქაურობამ". ამალია კარაგეზიანის ნახატი. რაბათი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება