შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს–მა ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი პასუხისგებაში მისცა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21795 
 16 მარტი 2019
სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცებული პირები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრები არიან: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გელაძე, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ოვეიანი, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მერაბიშვილი და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე ზაზა გელაძემ, კომისიის წევრებმა სამველ ოვეიანმა, გელა მერაბიშვილმა და მამუკა პარუნაშვილმა არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გელაძე ამ დროისათვის ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსია. სამველ ოვეიანი კი კვლავ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი.„ჯერ–ჯერობით არაფერი ვიცი. აღარ მახსოვს იმ კომისიაში ვინ იყო. საჩქაროდ მატარებელი რომ მუშაობს ძალიან ცუდია, ყველაფერს გამოკვლევა სჭირდება. ყველაფერი სამართლიანი იყო და სწორი. ჩვენს რაიონში ეგრეთი რაღაც არ მომხდარა“, – ამბობს სამველ ოვეიანი. ზაზა გელაძეს კი „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: თაღლითობის ფაქტზე ოთარ ყ–ს მიმართ და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, გელაძის, ოვეიანის, პარუნაშვილისა და მერაბიშვილის მიმართ. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. აღნიშნულმა უწყებამ ოთარ ყ. უკვე დააკავა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ადიგენის მერიის სამ თანამშრომელთან ერთად, პასუხისგებაში მისცეს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 2017 წლის აგვისტოში ზაზა გელაძეც. მას პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ცემაში ადანაშაულებდა. გელაძემ ბრალი აღიარა და მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება