შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისში საყოველთაო ჯვრისწერა ჩატარდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 15 ოქტომბერი 2018


დღეს მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში, საზეიმო წირვა აღევლინა. ეს დღე ორმაგად საზეიმო გახადა საყოველთაო ჯვრისწერამ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა -კურთხევით დაწესებულ საყოველთაო ჯვრისწერას, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის კურთხევით ბოლნისიც შეუერთდა. საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების, ბოლნისის სადროშოს ორგანიზებით, სიონის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა უკვე მეორედ ჩატარდა. ამჯერად ჯვარი სხვადასხვა ასაკის, ათმა წყვილმა დაიწერა. ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მამა ბესარიონმა, წყვილები დალოცა და ჯვრისწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა : ,,ჯვრისწერა ეს არის ეკლესიაში არსებული შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი, რომელსაც განსაკუთრებული მადლი და მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ამიტომ ყველამ უნდა გაითავისოს ეს მნიშვნელობა და არ უნდა დარჩეს არცერთი წყვილი ჯვარდაუწერელი.“
საყოველთაო ჯვრისწერა ბოლნისის ეპარქიაში პირველად 2018 წლის 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს ჩატარდა. აქციას საფუძველი ორი წლის წინ, პატრიარქისა და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით ჩაეყარა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე ასობით წყვილმა დაიწერა ჯვარი. საყოველთაო ჯვრისწერის მიზანია, არ დარჩეს საქართველოში არცერთი ჯვარდაუწერელი წყვილი და ყოველი ოჯახი ატარებდეს უფლისგან ხელდასმას (ნებას) და მადლს.
,, მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ჩვენს ეპარქიას და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს, ეს არის დიდი აქცია, რომელსაც საფუძველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჩაუყარა. ამ მოწოდებას მხარს უჭერს და ორგანიზებას უწევს ბოლნისის ჩოხოსანთა სადროშო. ჩვენს ეპარქიაში მეუფე ეფრემის ლოცვა- კურთხევით უკვე მეორედ ტარდება საყოველთაო ჯვრისწერა. ეს არის დიდი მადლი, როგორც ამ წყვილებისთვის, ისე ჩემთვის. არცერთი წყვილი არ უნდა დარჩეს ჯვარდაუწერელი – ეს არის პროექტის მთავარი მიზანი. მე კი ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილს და აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი წყვილი ჩაერთოს ამ აქციაში.“ -აღნიშნა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების,ბოლნისის სადროშოს თავმჯდომარემ, კობა ჟღენტმა.

 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია