შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფლად მცხოცრები ქალების საერთაშორისო დღე სოფელ რატევანში ღონისძიებით აღინიშნა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 16 ოქტომბერი 2018

სასიამოვნო და თბილი საღამო, ტაში და დიდი ემოცია, სიმბოლური საჩუქარი და თაიგული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ასე დაჯილდოვდნენ სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილსა და დამსახურებისთვის ღვაწლმოსილი ქალბატონები ელენე ოქრიაშვილი და მარიამ რეხვიაშვილი. სოფელ რატევანში „სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე“  ღონისძიებით აღინიშნა. კულტურის სახლის ეზოში ღია ცის ქვეშ ლამაზი სანახაობა მოეწყო. აქ წარმოდგენილი იყო ადგილზე წარმოებული ხელნაკეთი ნივთები,  საკუთარი ლექსებით საღამოს ალამაზებდა სოფლის მკვიდრი ავტორ-შემსრულებელი ლამზირა მიქელაძე და ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“. მიუხედავად იმისა, რომ ღვაწლმოსილი ქალბატონების ცხოვრების გზა თანასოფლელებისთვის კარგად ნაცნობი იყო, ღონისძიების წამყვანმა მოკლედ ისაუბრა იმ დამსახურებებზე, რომელიც მათ სოფლის განვითარებაში შეიტანეს. ელენე ოქრიაშვილი 49 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა სოფელში კულტურის განვითარებასა და აღორძინებას, არჩეული იყო ბოლნისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, მიღებული აქვს სხვადასხვა ხარისხის მედლები, დიპლომები და ფულადი ჯილდო.

„სასიამოვნოა, როცა შენს დამსახურებას და ღვაწლს არ ივიწყებენ, ორმაგად სასიხარულოა, როცა ასეთ ღონისძიების ავტორები ახალგაზრდები არიან, მათ გათავისებული აქვთ უფროსის პატივისცემა, ყველას დიდი მადლობა ჩემი დამაფასებისთვის“.

მარიამ რეხვიაშვილს პედაგოგიური მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება აქვს, ის უმაღლესი კატეგორიის სერთიფიცირებული პედაგოგია. აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში გარემოს დაცვის კუთხით. „დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ ბედნიერი ლამაზი დღისთვის, ამ რთულ ცხოვრებაში, ეს დღე ძალიან ნათელია, მინდა ყველა ქალს მივულოცო. ძლიერი ქალი, ძლიერი ეკონომიკის საწინდარია“.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მოეწყო.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობებით აღნიშნავს „სოფლად მცხოვრები ქალების დღეს“. წელს შეირჩა სოფელი რატევანი, სადაც ორ უხუცეს ქალბატონს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ. მათ დიდი შრომა, ენერგია ჩადეს სოფლის განვითარებაში, როგორც კულტურული მიმართულებით, ისე პედაგოგიური თვალსაზრისით, მათ არაერთი თაობა აღუზარდეს სოფელს, დღეს არის მათი ინტელექტუალური შრომის დაფასება, ეს ქალბატონები თანასოფლელების მიერ იქნენ დასახლებული, მინდა მადლობა გადავუხადო საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას, რატევანის კულტურის სახლს და თითოეულ მონაწილეს. ვფიქრობ კარგი საღამო გამოვიდა“. აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში ფატი ტვილდიანმა.

სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. გაეროს გენდერული ანსამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრები ქალების წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია