შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასულიერო სკოლამ მწერალ გურამ ოდიშარიას უმასპინძლა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 18 ოქტომბერი 2018


„შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან“ – პროექტის ფარგლებში ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა მწერალ გურამ ოდიშარიას მასპინძლობდა. შეხვედრა უფროს კლასელებთან შედგა, სადაც საზოგადო მოღვაწემ, საქართველოს ულამაზეს და ყველასთვის მტკივნეულ თემაზე- აფხაზეთზე ისაუბრა. „აფხაზეთი ჩემი სულის ნაწილია, რომელიც რთული და ტკივილიანი მოგონებაა, სამწუხაროდ, ვერ შევაჩერეთ ეს ომი და ვერ დაგახვედრეთ აფხაზეთი“ ამ სიტყვებით მიმართა მწერალმა ახალგაზრდებს და იქ გატარებულ წლებზე, საათებსა და წუთებზე სევდა ნარევი საუბრობდა. გურამ ოდიშარიამ ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რომანებზე, რომლებიც ძირითადად ქართულ-აფხაზურ ურიერთობებზეა დაწერილი, მისი ერთ-ერთი წიგნი „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურ ენაზეც ითარგმნა და როგორც ავტორმა აღნიშნა, „ლიტერატურული ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის დაგვაბრუნებს აფხაზეთში“. შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის თემაზე მამა პეტრე კვარაცხელიას მიერ შექმნილი კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა. ნათია თოდუასა და მურმან ჯინორიას მონაწილეობით, რასაც მქუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა.
გურამ ოდიშარია, მწერალი:
-დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მწერალი აფხაზეთიდან, არა ერთხელ ვყოფილვარ ბოლნისში, ყოველთვის მიტაცებდა ეს ქალაქი და ადგილობრივების დამოკიდებულება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, ახალგაზრებს ჩემს მხარეზე, ჩემს ქალაქზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე გავსაუბრებოდი. ხშირად ჩავდივარ სოხუმში და ვხვდები აფხაზურ მხარეებს, ჩვენ ერთობლივ პროექტებზე ვმუშაობთ. ახლახან ვიმყოფებოდი ფრანკფურტში, სადაც ჩემი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა მასში ძირითადად ქართულ-აფხაზური ურთიერთობებია წარმოდგენილი, სწორედ ლიტერატურული კავშირებით, მშვიდობით და ადამიანური ურთიერთობებით მოგვარდება პრობლემები და სიყვარულით დავბრუნდით.
მამა პეტრე კვარაცხელია, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის დირექტორი:
-კუთხე, სადაც ერთად ილხენდნენ ლხინში და გლოვობდნენ ჭირში, ეს იყო აფხაზეთი, რომელიც სამწუხაროდ დღეს წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ შინაგანი მაჯისცემა არ გვასვენებს, როგორც ქართველებს ისე აფხაზებს და ლტოლვა ერთმანეთისკენ არასდროს წყდება. შეიძლება გზები ჩაინგრეს, ხიდები განადგურდეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით.
ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე, დირექტორის მოადგილე:
-პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს ვახვედრებთ გამოჩენილ და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, გვინდა ბავშვები გაეცნონ მათ მოღვაწეობას და გაიზიარონ მათი ცოდნა-გამოცდილება. დღეს შეხვედრა გვქონდა მწერალ გურამ ოდიშარიასთან, რომელთანაც მტკივნეულ თემაზე – აფხაზეთზე შედგა საუბრები. სამწუხაროა, რომ დღეს ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად სჯერათ აფხაზეთში დაბრუნების. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ბატონი გურამი, რომელმაც ყველაზე ბოლოს დატოვა სოხუმი და იგი დღემდე მისაღები სტუმარია აფხაზეთში, სწორედ მისი ლიტერატურული ნაწარმოებები იქნება ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის.
ნინო ვეკუა, პროექტის ავტორი:
-სამწუხაროდ ახალგაზრდებმა ნაკლებად იციან აფხაზეთი, არ იციან რა მოხდა და როგორც ბატონმა გურამმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, „არც არის შეფასებული ეს ომი“ და შესაბამისად, ამ თაობას მწირი ინფორმაცია აქვს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ თემად „აფხაზეთი“ და სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია მოვიწვიეთ, რომლის მისიაა მშვიდობით დაბრუნება აფხაზეთში და მან ეს იმედი წიგნით მოგვცა.
მწერალმა გურამ ოდიშარიამ სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა.
შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან ყოველი კვირის სამშაბათს გაიმართება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია