შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ პატრიოტიზმი მოკლას“- შაშკინი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36980 
 18 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმ მუხლის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმადაც, წვევამდელებს, რომლებიც მღვდელმსახურები არიან, სავალდებულო სამხედრო მსახურების გადავადების საშუალება აქვთ.

სესიაშვილის განცხადებით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად. სესიაშვილის განმარტებით აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მსგავსი ინციატივა არის მავნებელური და, პირველ რიგში, საჭიროა ჯარში არსებული მრავალი პრობლემის მოგვარება:

„იმისთვის, რომ ეს „ინიციატივა“ შევაფასოთ, უნდა ვთქვათ, თუ რაშია რეალური პრობლემა.

შეკითხვა ნომერი პირველი - არის საჭირო თუ არა საქართველოსთვის წვევამდელთა ინსტიტუტი? რა თქმა უნდა, არის. საქართველო ვერ დაიცავს თავის ტერიტორიებს ძლიერი რეზერვის გარეშე. რეზერვის შექმნა მთლიანად არის დამოკიდებული წვევამდელთა ინსტიტუტზე.

საკითხი მეორე - ვინ გააფუჭა და გაანადგურა წვევამდელთა ინსტიტუტი საქართველოში? აქაც პასუხი მარტივია. „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ ჯიუტად, 7 წლის განმავლობაში აფუჭებდა ყველაფერს, რაც გაკეთდა შეიარაღებულ ძალებში მანამდე წვევანდელთა ინსტიტუტთან დაკავშირებით.

საკითხი მესამე - რა არის გასაკეთებელი? აქაც პასუხი არის მარტივი, უნდა აღდგეს ის რეფორმა, რომელიც ხორციელდებოდა, რომელშიც ვგულისხმობდით, რომ წვევამდელთა ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო ერთწლიანი, შაბათ-კვირას წვევამდელი იქნებოდა სახლში, არ მოხდებოდა წვევამდელის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოშორება და მაქსიმალურად შეიქმნებოდა გარანტიები თუ საშუალებები, რომ ის ერთი მხრივ იქნებოდა წვევამდელი, თავის წვლილს შეიტანდა ქვეყნის უსაფრთხოებაში და მეორე მხრივ, არ იქნებოდა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოწყვეტილი.

ეს არის ის სამი საკითხი, რომელიც უნდა გვესმოდეს და რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ“, - განაცხადა შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, როცა ქვეყანაში ადამიანები სასულიერო პირობას მიმართავენ იმისთვის, რომ აარიდონ თავი სამხედრო სამსახურს, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ხარვეზები, რომლებიც უნდა იქნეს მოგვარებული. მისივე თქმით, მაშინ, როცა მთავრობა საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ეს საკუთარი ტერიტორიების დაცვის სურვილს აკარგვინებს ახალგაზრდებს:

„რაც შეეხება სესიაშვილის ინიციატივას - ის არაფრის მომტანია, ეს არის იგივე, როდესაც არის ადამიანი ავად, ვებრძოლოთ სიმპტომებს და არა - დაავადებას. ის, რომ ისეთ ქვეყაანში, როგორიც საქართველოა, სადაც ეკლესიას როგორც ინსტიტუციას უზარმზარი გავლენა აქვს, ხალხი მიდის და ცდილობს სხვა კომფესიას ან სხვა საშულებებით თავი შეაფაროს, ეს არის სიმპტომი იმისა, რომ უზარმაზარი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში.

ადამიანს უნდა უნდოდეს რომ დაიცვას საკუთარი ტერიტორია, სამშობლო. ეს არის ძალიან ნორმალური, ჩვეულებრივი გრძნობა, მაგრამ როდესაც მთავრობა აკეთებეს ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანში მოკლას ეს გრძნობა, აკეთებს იმისათვის, რომ ხელი არ შეუწყოს და პრობლემები შეუქმნას მათ, ასეთ ფაქტებთან გვექნება ყოველთვის საქმე.

როდესაც შენი მთავრობა გეუბნება, რომ შენ დაიწყე ომი, როდესაც გეუბნება, რომ ის შენი სამხედროები იყვნენ დამნაშავეები და ბომბავდნენ ცხინვალს, ეს ხომ პირდაპირ ანადგურებს ადამიანში სურვილს, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყანა.

როდესაც მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შექმნას ნორმალური პირობები წვევამდელებისთვის, ამის ნაცვლად ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ დედოვშინას მაგალითებს. ეს პრობლემები უნდ გადავწყვიტოთ და მათი გადაწყვეტის შედეგად არ იქნება არანაირი პრობლემა, იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც ცდილობს რაღაც ბერკეტების გამოყენებით თავი აარიდოს წვევამდელ სამსახურში მონაწილეობას, ნუ ვებრძვით სიმპტომებს, უნდა ვებრძოლოთ იმ რეალურ პრობლემას, რომელშიც ჩაგვავგდო „ქართულმა ოცნებამ“, - განმარტა დიმიტრი შაშკინმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა