შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” იწყება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36981 
 18 მარტი 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნება. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი გახსნიან.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

„პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-სთან ერთად უხელმძღვანელებს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატო-ს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) გაუწევს.

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა. კერძოდ, წინა სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

სწავლებაში ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები – „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ (ICRC), გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი)“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია