შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21855 
 20 მარტი 2019
სოფელ ანდაში 20–მდე კომლი ცხოვრობს, სკოლაში კი მხოლოდ ერთი, მეოთხე კლასის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ოთხოთახიანი სკოლა სოფლის ცენტრშია. შენობაში ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახი და სათავსოა მოწყობილი. სკოლის შესასვლელში მართლმადიდებლური ხატებია გაკრული, მოწყობილია სასანთლე, კანდელი, აქვე დევს სახარება, მოსახსენიებელი და ლოცვის წიგნებიც. სამლოცველო სკოლაში მრავალი წელია ფუნქციონირებს. “ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია ეს ხატები, არ შემიძლია სხვა რამე კომენტარი გავაკეთო“, – გვითხრა ანდის სკოლის მასწავლებელმა ნინო ივანიძემ და დირექტორთან გადაგვამისამართა. თუმცა, ვიდრე ანდის სკოლის დირექტორს შევხვდებოდით, სოფელში ადგილობრივებს გავესაუბრეთ. აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ სოფელს ტაძარი არ აქვს და სალოცავად სკოლის შენობას იყენებენ. დღესასწაულებზე კი მეზობელი სოფლიდან, მუსხიდან იქ არსებული ტაძრის წინამძღვარი გაბრიელ ბურჭულაძე მიდის. „რაც ეს სოფელი არსებობს, ტაძარი არ გვაქვს. ასაშენებლად ადგილიც კი გამოვყეთ, მაგრამ ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა. ამიტომ დღესასწაულებზე სკოლაში მივდივართ ხოლმე და ადგილობრივი მამაოც ამოდის მუსხიდან“, – გვიყვება სოფელ ანდის მკვიდრი უშანგი ინასარიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლაში მირონმდინარე ხატიცაა. „წმინდა ივერიელის სახელობის ხატი ჩამოაბრძანა მამაომ და იმის მერე სკოლაში მოსახლეობამ მეტი ხატი მიიტანა. ჩავდივართ, მართლმადიდებელი ხალხი ვართ და პირჯვარს მაინც ვიწერთ“, – გვითხრა ანდაში მცხოვრებმა თამაზ ინასარიძემ. ანდრიაწმინდის სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე გვიდასტურებს, რომ სკოლაში მუსხის ტაძრის წინამძღვარი ნამდვილად მიდის ხოლმე, ოღონდ იშვიათად: „მიუღებელია ნამდვილად სკოლაში ხატები, მაგრამ სოფელში ფიზიკურად სხვა ადგილი არ იყო, რომ ხატები დაებრძანებინათ. ათასში ერთხელ ადიოდა მამაო. როგორც ასეთი იქ აღარავინ აღარ შედის. მამაოს ველაპარაკეთ და აპირებს, რომ ხატები შენობიდან გამოიტანოს“. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხატები მირონცხებული იყო და ამიტომ სასულიერო პირის გარეშე, თვითონ ვერ გამოიტანდნენ. „შემეძლო ბიბლიოთეკაში დამესაწყობებინა, მაგრამ მამაომ გვთხოვა, ჩემს გარეშე ხელი არ მოკიდოთო და ამ დრომდე ასეა, ველოდებით მას. დაგვპირდა, რომ უმოკლეს დროში ჩამოხსნის“, – გვითხრა დირექტორმა. მუსხის ტაძრის წინამძღვარმა გაბრიელ ბურჭულაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა: „არ მცალია“ – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე ექვსი წელია მუშაობს, ამბობს, რომ ამ პრობლემის ცივილური ფორმით მოგვარება უნდოდა: "ჩვენ ველოდებოდით გარკვეულ რეგულაციებს, რომელშიც უნდა დაგვხმარებოდა შესაბამისი სტრუქტურა. ეს ჩვენ ძალებს აღემატებოდა". შეკითხვაზე, რა აღემატებოდა რესურსცენტრის ძალებს ხმალაძემ გვიპასუხა: "აღარ მინდა განვავრცო ეს საკითხი". „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–13 და მე–18 მუხლების მიხედვით „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყევენა“, ასევე, „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს“.„სანთლის დანთება და ლოცვა რელიგიური რიტუალია. ამიტომ თუ ამას არ იყენებენ აკადემიური მიზნებისთვის, კანონდარღვევა“, – აცხადებენ იურისტები. მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ სოფელი დატოვა, რედაქციაში სკოლის დირექციიდან ტელეფონით დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ შენობიდან ხატები გაიტანეს. „მამაო ამოვიყვანეთ და ხატები სოფელ ანდრიაწმინდის ტაძარში დააბრძანა. სკოლაში აღარაა რელიგური დეტალები. სოფლის მოსახლეობაც ანდრიაწმინდაში ივლის–ხოლმე დღესასწაულებზე“, – გვითხრა ანდრიაწმინდის სკოლის დირექტირმა ლამზირა ჩხაიძემ. გაიტანეს თუ არა ხატები სკოლის შენობიდან და დაშალეს თუ არა სალოცავი კუთხე სასწავლებლის შესასვლელში, „სამხრეთის კარიბჭე“ უახლოეს დღეებში გადაამოწმებს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება