შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამსახურში აღდგენილი პედაგოგი დირექტორს განათლების სამინისტროში უჩივის

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21845 
 20 მარტი 2019
საქმე 2017 წელს დაწყებულ დავას ეხება. მაშინ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა. თუმცა, ვიდრე დირექტორი დათაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დაწერდა, იმის შესახებ ჰქონდა თუ არა მას დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინურმა კომიტეტმა არა ერთხელ იმსჯელა, თუმცა დარღვევა ვერცერთხელ ვერ დაადგინა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაასაჩივრა, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი 2018 წელს სამსახურშიც აღადგინეს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაურეს. ერთ–ერთი საკითხი, რაზეც დათაშვილი ობოლაშვილს განათლების სამინისტროში უჩივის, სწორედ მისთვის გადახდილი 5 000–მდე ლარია. „დირექტორი პასუხისმგებელია ფინანსების სწორად განკარგვაზე, სამეურვეო საბჭომ მას დათაშვილის გათავისუფლებაზე უარი უთხრა, მიუხედავად ამისა, ობოლაშვილმა მაინც გამოსცა გათავისუფლების ბრძანება. რის გამოც, საბოლოოდ სკოლა, 5000 ლარით აზარალა. ზიანი, რომელიც მიადგა სკოლის ბიუჯეტს გამოწვეული იყო დირექტორის ქმედებით“, – ამბობს დათა დათაშვილის ადვოკატი თამარ ნებიერიძე. გარდა აღნიშნულისა, დათაშვილი ობოლაშვილს კიდევ ორი საკითხის გამო ედავება. „დეკემბერში კორესპოდენცია გაუგზავნა დათაშვილმა სკოლას, მაგრამ დირექტორმა მის ჩაბარებაზე უარი თქვა. ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა და უფლებამოსილების გადამეტება. დათა საჯარო ინფორმაციას ითხოვდა, ის კი არც გაეცნო შინაარს და წერილი რეგისტრაციაში არ გაატარა“, – ამბობს ნებიერიძე. მისი თქმით, სკოლაში ფინანსური დარღვევებიცაა: „დირქტორი სარჩევნო პროცესში იყო ჩართული და შვებულებით სარგებლობდა. დაბრუნებიდან მეორე დღეს საკუთარ თავზე და მის შვილზე გამოწერა პრემიები 500–500 ლარის ოდენობით. სკოლის შინაგანაწესში არ წერია, რომ დირექტომა ჯილდო მაშინ უნდა აიღოს, როცა ის საარჩევნო საქმიანობაშია ჩართული“.აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი ამბობს, რომ მას დათა დათაშვილის საჩივრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც წერილის ჩაბარებაზე უთქვამს უარი: „თქვენგან მესმის პირველად, სხვას ვერაფერს გეტყვით“.განათლების სამინისტროში განცახადეს, რომ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლიდან საჩივარი ნამდვილად შევიდა, თუმცა შიდა აუდიტის დეპარტამენტს შესწავლა ჯერ დასრულებული არ აქვს.[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია