შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აგრარული ბაზრის რეკონსტრუქციაზე საჯარო განხილვა გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30458 
 22 მარტი 2019
ქალაქ გურჯაანის ბიბლიოთეკაში „გლეხური ბაზრის“ რეკონსტრუქციის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ბაზრის დირექტორი, მოვაჭრეები, დაინტერესებული პირები და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მოვაჭრეების გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნული საკითხის შესახებ პროტესტი გამოხატა. ისინი შიშობენ, რომ რეაბილიტაციის დროს მათი კუთვნილი შენობების დანგრევა მოხდება და საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. როგორც ერთ-ერთმა მესაკუთრე თინა აბელაშვილმა განაცხადა, ქონების ხელყოფის უფლებას არავის მისცემენ და საკუთარ უფლებებს ყველანაირი გზით დაიცავენ.
„შენობები 1991-დან 2001 წლამდე გვაქვს ნაყიდი, მეპატრონეებმა კი ბაზარი 2001 წელს დაირეგისტრირეს. ამ დროს ჩვენ უკვე ცალკე მესაკუთრეები ვიყავით. მიწის გადაცემის მომენტში გამგეობამაც დაუშვა შეცდომა. პირველ რიგში, ჩვენ ვართ მომხრეები, რომ იყოს სისუფთავე და კომფორტი, მაგრამ მათ ძირითად მიზანს ჩვენი შენობების დანგრევა წარმოადგენს. უნდათ შენობებმა ფუნქცია დაკარგოს და იქიდან წამოვიდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. ჩვენი საკუთრების ხელყოფის უფლებას არავის მივცემთ. დავიცავთ ყველანაირი გზით და მივმართავთ პროტესტის ყველა ზომას. ამისთვის ათასი გზა არსებობს, ყველანაირად მივიქცევთ ყურადღებას.“


„გლეხური ბაზრის“ დირექტორის ლამარა აკოფაშვილის თქმით, ბაზრის რეკონსტრუქციით მოვაჭრეებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ.
„უნდა გავაკეთოთ ისეთი ბაზარი, როგორიც რაიონს ეკადრება. არასათანადო პირობების გამო სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბევრჯერ დაგვაჯარიმა. მოვაჭრეები მარტო რამდენიმე თვის განმავლობაში, მშენებლობის პერიოდში დატოვებენ ფართს. ამის მერე ყველა დაუბრუნდება თავის ადგილს და ღირებულებაც არ გაიზრდება. ვინც აპროტესტებს, იმათ ქონებას არავინ ეხება. “


გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, სუფთა ბაზარი პირველ რიგში, მოსახლეობისთვის არის საჭირო.
„გლეხურმა ბაზარმა“ სამშენებლო მიწის პირობებზე განაცხადი შემოიტანა. ამას სჭირდება პერიოდი, რადგან უნდა გაიაროს კომისია. პირველ რიგში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვისაა საჭირო სუფთა ბაზარი. დღეს ვვაჭრობთ საშინელ მდგომარეობაში, ტერიტორია არის დაბინძურებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ კერძო მეპატრონესთან მივაღწიეთ იმას, რომ განხორციელდეს რეკონსტრუქცია. რაც შეეხება სადავო საკითხს, ზუსტად ამიტომ ჩავატარეთ სახალხო განხილვა, რომ გაგვეგო მოსახლეობის აზრი. სადაც სადავოა, რეკონსტრუქცია იქ არ მიმდინარეობს. პროექტი შესათანხმებელი გვაქვს, როცა მესაკუთრეები მოგვაწვდიან შესაბამის დოკუმენტაციას, აუცილებლად საჯაროს გავხდით. რეკონსტრუქციის დაწყებას წინასწარ დავაანონსებთ.“

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის შერჩევა, სადაც მოვაჭრეებს დროებით გადაიყვანენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია