შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21878 
 21 მარტი 2019
„პოეზია რეალობიდან მწყვეტს, პოეზიით შეგიძლია დისიდენტური იდეოლოგია ჩამოაყალიბო, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას გამოეყოფი და შეგიძლია უთხრა სათქმელი. ბრბოს აყოლილი ხალხი ბევრ რამეში თამაშობს, პოეზიით კი შეგიძლია ეს ისე უთხრა, რომ არ ეწყინოთ“, – ამბობს ახალგაზრდა პოეტია მირზა ბურძენიძე.მირზას თქმით, ლექსებში ადამიანების ემოციისა და მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს: „ადამიანების ყოფა და ზოგადად ადამიანის არსება ჩემს შემოქმედებაში მთავარი საკითხია“.ოტია ზედგინიძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, თავის ლექსებს ძირითადად სამშობლოს სიყვარულს უძღვნის: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამშობლოს სიყვარულია, ბევრს ვმოგზაურობ, ჩვენს ისტორიულ სიძველეებს ვათვალიერებ და ლექსის წერის სურვილიც მაშინ ჩნდება. ლექსი ქალის სიყვარულითაც დამიწერია“.23 წლის პოეტი საკუთარ თავს ოპოზიციონერს უწოდებს. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში არსებული კონფორმიზმი აღიზიანებს: „ილია ჭავჭავაძე რომ ამბობდა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო, მეც ხშირად მსგავსი პროტესტი მაწერინებს. ევროპული ღირებულებები მომწონს, მაგრამ ბევრ ისეთ რამეს მიაწერენ ევროპას, რაც მასთან არანაირ კავშირში არ არის. მაგალითად 12 აგვისტოს, როცა პატრიოტები დიდგორობას აღვნიშნავთ, პარალელურად ფერების ფესტივალიც იმართება და ეს ჩემთვის მიუღებელია“. „ვიწყებ წერას! – ასე ერქვა ჩემს პირველ ლექსს, რომელიც ალბათ 15 წლისამ დავწერე“, – გვიყვება კიდევ ერთი ახალციხელი პოეტი გიორგი ბერიძე. ამბობს, რომ მესხეთის განსაკუთრებულმა სიყვარულმა ბევრი ლექსი დააწერინა. იგი თავის თავს ბერჯავახს უწოდებს, პოეზიას კი ემოციის ყველაზე ხმამაღალ გამოძახილს: „ამ ბოლო დროს განსაკუთრებით შემიყვარდა ძველმესხური, ანუ მესხური კილოკავი. ჩვენს მხარეს ძალიან ღრმა პოეზია გვქონდა, მოხუცებისგან რამდენჯერმე კიდეც მომისმენია სატრფიალო ხალხური ლექსები, თუმცა, სამწუხაროდ დღეს აღარ შემორჩა“.ძველმესხური სიტყვებიდან ბერჯავახს განსაკუთრებით უყვარს: „გყვარობ“, „ძრიენ“, დაჰკვირდე“: „დიდი გავლენა იქონია თურქულმა ენამაც, მაგალითად, იქიდან დამკვირდა ჰაიდე და ინადი, ჩვენგან კი წაიღეს სიტყვა ბაქმაზი. ეს კარგიცაა და ცუდიც, რადგან ენა ვითარდება“.ამბობს რომ სამცხე–ჯავახეთში ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, „თუმცა ძალიან მორცხვი და ძრიენ საწყალი ხალხი ვართ. ვიცნობ ისეთ ადამიანს, ცოტა ამბიცია რომ ჰქონდეთ, თავიანთ სიტყვას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში აუცილებლად იტყოდნენ, მაგრამ არ უნდათ“. მისი თქმით, ლექსის წერის დროს სიყვარულზე უნდა იფიქრო: „სიყვარულია მთავარი, იმაზე კიარ უნდა ფიქრობდე, რომ ნობელიანტი გახდები ან რაიმე სხვა მსგავს სარგებელს მიიღებ, გული უნდა დაცალო წრფელად, ეს არის და ეს, თორე ისე ლექსს ვერ დაწერ“. გულწრფერლად დაწერილი, მესხური სატრფიალო ლექსებით ბერჯავახმა 2017 წელს ფოლკლორის ფესტივალზე გაიმარჯვა.21 მარტი პოეზიის დღეა, რომელიც იუნესკოს ოცდამეათე სესიაზე პარიზში, 1999 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანი პოეტური თვითგამოხატვის საშუალებებით ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა და გაქრობის პირას მყოფი ენებისთვის განვითარების პირობების შექმნაა.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
მულტიმედია
სამართალი