შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი, ყველას გაგვრეკავდა პარლამენტიდან"- ადა მარშანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37076 
 21 მარტი 2019

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია იუსტიციის მინისტრის ანგარიშით უკმაყოფილოა. დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე დღეა გრძელდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს უსმენენ. დღეს სხდომა დეპუტატების საპასუხო გამოსვლებით გრძელდება.

„პატივცემულო კოლეგებო, გამოვედი ამ ტრიბუნაზე და პირველად ჩემს ცხოვრებაში არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა, იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, "ქართული ოცნება", ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ გაგიჟდეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", შეუერთდეს "ნაციონალურ მოძრაობას" და მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, თქვე საცოდავებო... მართლა, რა გეშველებათ მერე თქვენ?!

პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს“, - განაცხადა ადა მარშანიამ. 

დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა პარლამენტის მუშაობა ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი დამოკიდებულების გამო. 

„ჩვენ ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი და ძალიან უცნაურია პარლამენტი ამ თემას საერთოდ არ იხილავს. დებატებს არ მართავს და ამ საკითხით არ ცოცხლობს“, - თქვა ადა მარშანიამ. 

მის ამ გამოსვლას ირაკლი კობახიძემ უპასუხა. „განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ადა მარშანიას საინტერესო გამოსვლისთვის. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ისეთი განცხადებები, როგორიც თქვენ გააკეთეთ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ნამდვილად არ უწყობს ხელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მომავალში უმჯობესია, სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული განცხადებები გააკეთოთ ხოლმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება