შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტის განხილვას იწყებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37148 
 25 მარტი 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებასა და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს. "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების პროექტს კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს დაეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 155-ე პრიმა მუხლი, რის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

ასევე, პროექტში აღნიშნულია, რომ რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერა ან დაზიანება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

"პატრიოტთა ალიანსის" საკანონმდებლო ინიციატივას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევს მესამე სექტორი. მათი აზრით, კანონპროექტის მიღება არ წაადგება რელიგიის თავისუფლების დაცვას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომ ჩაკლას ყველანაირი დისკუსია და პლურალიზმი სახელმწიფოში, ყველანაირი დისკუსია რელიგიური ჯგუფებისა თუ უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით. მეორე მხრივ კი, კანონის ასეთი სახით მიღების შემთხვევაში, პრაქტიკულად, დაკანონდება ძალადობა ყველანაირი განსხვავებული აზრის მიმართ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მიღების შემთხვევაში არსებობს ყველა წინაპირობა, რომ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კანონპროექტის ავტორი ემზარ კვიციანი კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, რელიგიებისა და წმინდანების შეურაცხყოფაა.

მისი აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დაუსჯელობა მოქალაქეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ უბიძგებს.

2016 წელს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სამართალდამრღვევს ფულად ჯარიმას აკისრებდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას იმ პირობით, რომ წარმოდგენილი ფორმულირება შეიცვლებოდა ახალი ფორმულირებით.

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2018 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქო გამოვიდა განცხადებით, სადაც საუბარია, რომ "სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს."

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის კანონპროექტის მიღება, პირველ რიგში, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მეორეც, კანონის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაძლოა, აიკრძალოს ლიტერატურა, ნახატი, ფილმი ან სპექტაკლი, თუკი ჩაითვლება, რომ იგი კონკრეტული რელიგიური ჯგუფის ინტერესებს შეურაცხყოფს, რაც აბსურდამდე მიგვიყვანს.

ბენიძის აზრით, ასეთ კანონებში მთავარი პრობლემა გრძნობებისა და მისი შეურაცხყოფის განმარტებაა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ძალიან აბსტრაქტული თემაა და კანონით მისი განმარტება რთულია. რაც შეეხება სიწმინდეებსა და ტაძრებს, მათი შებღალვა და შეურაცხყოფა კანონით ისედაც აკრძალულულია.

"ასეთი კანონი ყოველთვის აღიქმება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვად. ასეთ კანონს თუ მივიღებთ, მაშინ ყველა რელიგიურ ჯგუფზე უნდა გავრცელდეს და არა მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებსა და სიწმინდეებზე. ასეთი კანონები არაერთხელ გვინახავს, რომელიც რელიგიური მოტივით არის მოწოდებული და უფრო კონკრეტული ჯგუფის უფლებების დაცვას ემსახურება, რაც არასწორია.

"მთელი რიგ ქვეყნებში მსგავსი ტიპის კანონები არსებობს, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს კანონები უკვე მკვდარ ნორმებად არის ქცეული და ქმედითი აღარ არის.

"რა შეიძლება იქნეს აღქმული რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფად - სწორედ აქ შემოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში მისი ყოველმხრივ ინტერპრეტირება შეგვიძლია. არსებობს იმის საფრთხე, რომ აიკრძალოს მხატვრული ნამუშევრები, ფერწერული ტილოები, სპექტაკლები, ფილმები, რომლებშიც კონკრეტული რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, შეურაცხყოფის ნიშნები დაინახონ. ესა თუ ის კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, რელიგიურ შეუარცხყოფად აღიქვან და ეს კანონი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის სახეს მიიღებს," - აცხადებს მიხეილ ბენიძე "მთელ კვირსთან".

მისივე თქმით, ეს კანონპროექტი, ასევე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლს, ამიტომაც მისი მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

რას ფიქრობს საპატრიარქო კვიციანის კანონპროექტზე, "მთელი კვირა" ამის გარკვევასაც შეეცადა. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ მსგავს კანონპროექტს არ იცნობენ და პოზიციასაც ვერ გამოხატავენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია