შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეორე კვირაა 11 წლის ბიჭი სკოლაში არ დადის, მისი კლასელები კი გაკვეთილებზე დაბრუნდნენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21961 
 27 მარტი 2019
„სამი დღის წინ სკოლაში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები რომ ჩამოვიდნენ, ბავშვის მიყვანა მთხოვეს. მივიყვანე, მაგრამ ცუდად გახდა და უკან წამოვედით“, – ამბობს დედა და ამატებს, რომ ბავშვი 18 მარტის შემდეგ სკოლაში აღარ ყოფილა. მესამე დღეა სკოლაში რჩებიან მანდატურის სამსახურის სპეციალისტები. "ახალციხეში იქამდე დავრჩებით, ვიდრე სკოლაში ვითარება არ დასტაბილურდება. ჩვენი მიზანი ვითარების შეფასება და პროცესების მართვაა. ახლა მთავარი ისაა, რომ ჩვეულ გარემოს დაუბრუნდეს კლასი, ამიტომ დისტანციურად ვაკვირდებით პროცესებს. ასევე, სკოლას ჰყავს მანდატური და ჩვენი წასვლის შემდეგაც უწყვეტ რეჟიმში გავცვლით ინფორმაციას“, – გვითხრა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა თეონა ჩიტიაშვილმა.მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, 11 წლის ბიჭის შესახებ არ საუბრობენ. ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო კლასში ყველა, 14–ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს და ყველაფერი მოგონილია. ამ მიზეზით მშობლებმა დამრიგებლის კლასიდან წასვლაც მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად, 25 მარტს, ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. მეორე დღეს კი დამრიგებელმა კლასი დატოვა.11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო არასრუწლოვნის მიმართ შესაძლო ძალადობის მუხლით იძიებს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება