შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთელი "ქართული ოცნება“ ერთ დღეში ზვიადისტი გახდა“- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37339 
 02 აპრილი 2019

„მთელი „ქართული ოცნება“ ერთ დღეში ზვიადისტი გახდა“, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„გვახსოვს, როგორ იყო ექსპლუატირებული არაერთ არჩევნებზე ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის თემა. ყველა არჩევნების წინ იწყებოდა კამპანია, რომ აი, დღე-დღეზე საქმე იქნებოდა გახსნილი. სინამდვილეში, არჩევნების მერე უკვე თაროზე შემოიდებოდა. სამეგრელოში ეს მაინცდამაინც არ ჭრისო და ახლა გადაწვდნენ უკვე ზვიად გამსახურდიას, მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის არჩევნები მნიშვნელოვანია და ნამდვილად ასეა, რადგან სამეგრელოს განწყობები ძალიან სახიფათოა ხელისუფლებისთვის. და აი, ასეთი რაღაცა მოიფიქრეს. ძალიან ცუდად ფუთავენ ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ კომედიაა, რადგან რა უნდა დავარქვათ იმას, რასაც ვუყურებთ ამ ზვიადიზმის აფეთქებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“, სიყვარულის ბუშტი რომ გაუსკდა ყველას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იხილეს ცნობილ ადგილზე. იქ ისეთი კადრებია, ფელინის „ამარკორდს“ ძალიან მოუხდებოდა. ძალიან კომიკურია ეს ყველაფერი და იმდენად უხარისხოდ კეთდება, რომ არავის ამის არ სჯერა. თანაც, იმ ფონზე კეთდება ეს, როდესაც 2-3 თვის წინ ზვიად გამსახურდიას შვილები პროკურატურში შიმშილობდნენ. ერთია ივანიშვილის ასეთი ქმედება, ხოლო მეორეა, მერე რა მოხდა, მეორე დღეს როგორ აფეთქდა სიყვარულის ნაღმი „ქართულ ოცნებაში“ ზვიად გამსახურდიას მიმართ. ერთმანეთს რომ ასწრებდნენ - ვინ საფლავზე გარბოდა და ვინ - განცხადებებს აკეთებდა. ერთ დღეში მთელი „ქართული ოცნება“ გახდა ზვიადისტი, გეგონება, რომ ზვიადის კულტია ამ ქვეყანაში. შეიძლება, მისი სურათიც დაიკიდონ კაბინეტებში ერთი თვით, არჩევნებამდე, მერე ჩამოხსნიან, რა თქმა უნდა. იმ ადამიანს რაღას ვერჩით, გარდაცვლილს? უკვე ცინიზმის ზღვარზეა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია