შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოქალაქეებს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30532 
 04 აპრილი 2019
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პირველი აპრილიდან ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო და პირველ მაისამდე გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას ფლობენ და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია