შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეუფერებელ ადგილებში არასრულწლოვნების მიერ თამბაქოს მოხმარების გამო მათი მშობლები დაჯარიმდებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37633 
 13 აპრილი 2019

2019 წლის 31 მაისიდან საქართველოში ძალაში შევა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მორიგი რეგულაციები, რომლებიც სიგარეტის იმპორტიორთა და მწარმოებელთათვის დამატებით წესებს ითვალისწინებს.

რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ბაზარზე პროდუქციის განთავსებამდე სამი თვით ადრე ვალდებულნი იქნებიან მიაწოდონ ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სტანდარტებთან მის შესაბამისობას ქიმიური შემადგენლობის, ცალკეული შემადგენელი და გამოყოფილი ნივთიერების წილებისა და წონის მიხედვით.

დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული სიგარეტის ღერის დიამეტრი, მწარმოებლის მისამართი და წარმოების ადგილი, ყველა ნივთიერების აღწერილობა, სრული ინფორმაცია შემადგენლობისა და ყველა ინგრედიენტის, მათი ტოქსიკურობის შესახებ, ასევე სიგარეტის და მისი არომატის აღწერა.

იმ შემთხვევაში, თუ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობა შეიცვლება, მწარმოებელი ვალდებული იქნება ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე ახალი დოკუმენტაცია წარმოადგინოს.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. გამონაკლისს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები წარმოადგენს.

თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლება მწეველთა სასარგებლოდ გარკვეულ დათმობაზე მაინც წავიდა. აღნიშნულ კანონში შესწორებები 2019 წლის დასაწყისში შევიდა, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ნებადართული გახდა უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

თუმცა, მრავალბინიანი სახლების ჰოლში, სადარბაზოში, დერეფანში, ლიფტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარებისთვის გაიზარდა ჯარიმები.

თუ ადრე ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ოდენობა 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაორმაგდა ჯარიმა კანონის ხელმეორედ დარღვევისთვის – 200 ლარი.

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის ჯარიმა შემცირდა – მუშაობის დროს თამბაქოს მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება.

ჯარიმდებიან ასევე იმ არასრულწლოვნების მშობლები, რომლებიც შეუფერებელ ადგილზე ეწევიან. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია