შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„რუსეთი ოკუპანტია“ - სამოქალაქო აქტივისტის აქცია კახეთში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30579 
 16 აპრილი 2019
სამოქალაქო აქტივისტი 34 წლის გიგა მაქარაშვილი კახეთში ფეხით მოგზაურობს. ის პროფესიით ჟურნალისტია და სამი კომპანიის სოცილურ მედიას ხელმძღვანელობს.


როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უკვე მეორე წელია „რუსეთი ოკუპანტია“ მოძრაობის ფარგლებში - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადის და ამით თავის მოქალაქეობრივ ვალს ასრულებს სამშობლოს წინაშე.
„უკვე ოთხი წელია სამოქალაქო აქტივისტი ვარ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“. ხშირად დავდივართ სასაზღვრო ზოლზე და ვმართავთ აქციებს. საინფორმაციო ომი, რომელსაც სამწუხაროდ რუსეთთან ვაგებთ, აუცილებელია. როცა ძალით ვერ ჯობნი, იმიტომ, რომ ასჯერ და ათასჯერ მეტნი არიან, ამ შემთხვევაში უნდა ეცადო ალტერნატიული გზები მოძებნო და თუნდაც ასეთი პატარ - პატარა წერტილოვანი დარტყმებით ეომო მტერს. მე პირადად არც დიპლომატი ვარ, რომ მოლაპარაკებებში ჩავერთო და არც სამხედრო, რომ იარაღი ავიღო. თან ომის წინააღმდეგი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი შევასრულო და მსვლელობით, რომელიც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამომიყალიბდა, ხალხს ვუთხრა: „რუსეთი ოკუპანტია“.


გიგამ თავისი პირველი მსვლელობა შარშან აგვისტოს ომის წლისთავს მიუძღვნა და კახეთში მოგზაურობა მისთვის უკვე მესამეა.
„არაფერია განსაკუთრებული. მაქვს დროშა და კარავი, სადაც დამიღამდება, იქ ვჩერდები. საბედნიეროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახში მეპატიჟებიან. თუმცა, არის ადგილები, სადაც 40 კილომეტრი დაუსახლებელია და გარეთ მიწევს ღამის გათენება. პირველი მსვლელობა შარშან გავმართე. აგვისტოს ომის 10 წლისთავი იყო და თბილისიდან ხურვალეთამდე ჩავედი, რადგან იქ ყველაზე ახლოს ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრშია მავთულხლართი გადმოტანილი. შემდეგი მსვლელობა 14 სექტემბერს დავასრულე, თბილისიდან 13 დღე ვიარე ფეხით და სოხუმის დაცემის დღეს ენგურამდე ჩავედი. ეს უკვე მესამე მსვლელობაა და 47 დღეს გასტანს. სიმბოლურად 9 აპრილს დავიწყე და თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, 26 მაისს მესტიაში დავასრულებ. სტარტი გორში ავიღე, თბილისიდან წამოვედი გომბორზე, ჩამოვედი თელავში, ეხლა ვარ გურჯაანში და შემდეგ უკვე საგარეჯოში წავალ. დღეში, საშუალოდ, 30 კილომეტრს გავდივარ. ფიზიკურად არასპორტული ადამიანი ვარ, მაგრამ თუ მიზანი არის მართალი, დაისახავ, რომ უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის, შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. ზოგადად, მარტო სიარული არაფერს ცვლის და ყველა ჩვენგანს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას დავეხმაროთ.“


როგორც მან აღნიშნა, არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ არის, თავისი სურვილით მოგზაურობს და ამით ხალხს კიდევ ერთხელ ეუბნება რომ „რუსეთი ოკუპანტია“.
„ეს არის დღესდღეობით მთავარი პრობლემა. მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში ვცხოვრობთ და ძნელია სხვა თემაზე იფიქრო. მესმის ქვყანაში მძიმე სოციალური ფონია. ადამიანებს ფაქტობრივად აღარ რჩებათ იმაზე ფიქრის დრო, როგორ დაეხმარონ ქვეყანას. ისიც ვიცი, არცერთი ხელისუფლებისთვის ეს პროცესი მარტივი არ არის, რადგან საქმე ძალიან ძლიერ ძალასთან გვაქვს. რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს კონფლიქტი, შავ ბაზარზე გაყიდოს იარაღი და ა.შ. მე ჩემი დროშით დავდივარ და ვამბობ „რუსეთი ოკუპანტია“. ვფიქრობ, რაც მეტი ადამიანი იტყვის ამას ხმამაღლა, მით უკეთესია. დეოკუპაციის პროცესი სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ და არც ვყოფილვარ. საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. ის ზიზღი, რაც მათ შორის არის, კარგისკენ არ წაგვიყვანს. დროა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო. პოლიტიკოსები ჩემთან არ მოდიან. თუ მაინც მოდიან ვეუბნები რომ აქ თქვენი პოლიტიკური ინტერესები უნდა გადადოთ, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკის მიღმაა.“


გიგა მაქარაშვილი მომავალში თავის მეგობრებთან ერთად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში საინფორმაციო აქციებს გეგმავს.
„მე და ჩემი მეგობრების ოცკაციანი ჯგუფი ამ ზაფხულს ვგეგმავთ კახეთის ტურნე გავაკეთოთ. ჩამოვიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მეტია სამუშაო. განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს უჭირს იმის გაგება, რა გვაქვს რუსეთის საწინააღმდეგო, მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რადგან ისინი ვაკუმში არიან. დროა გამოვიდეთ საბჭოური ნოსტალგიიდან და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია