შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22260 
 17 აპრილი 2019
58 წლის პავლე ათუნაშვილმა ბავშვობა ვალეში, დედის წინაპრებისგან დატოვებულ, ჩიტაშვილების ოდაში გაატარა. სულ რამდენიმე წლის წინ, სახლი მოშორებით აიშენა და ოჯახთან ერთად იქ გადავიდა. ახლა მიწურ სახლში, მხოლოდ მესხური დარბაზია შემორჩენილი, რომელსაც პატარა ბუხარი და მერცხლისბუდისებური ჭერი აქვს. სახლის სხვა ნაწილი, მაგალითად ე.წ. ფურნის სახლი დანგრეულია. უკვე სულ დაინგრა ამ ოდის გვერდით მდებარე შედარებით პატარა მიწური სახლი, სადაც პავლე ათუნაშვილის ძმა ცხოვრობდა. ამიტომ ვიდრე მისი ოდაც იგივე ბედს გაიზიარებს, ათუნაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. „რამდენიმე დღის წინ იყვნენ მოსულები, არ ვიცი მგონი ძეგლთა დაცვიდან, დაათვალიერეს და წავიდნენ. მინდა, რომ აღადგინონ, ამას დიდი ფული სჭირდება. ამიტომ მზად ვარ, ეს ოდა ძეგლთადაცვის სააგენტოსაც გადავცე“, – ამბობს პავლე ათუნაშვილი. მისი ოდა ვალეში ახალციხის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. „ყოველ წელს ვამოწმებთ მუნიციპალიტეტში არსებული ოდების მდგომარეობას, თან მახლდა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. მოვინიშენთ ყველა ოდის მდგომარეობა“, – ამბობს ახალციხის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი რეზო ანდღულაძე. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ „დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მათ დარბაზების რეაბილიტაციის გეგმა რეგიონში არ აქვთ“. პავლე ათუნაშვილი კი აცხადებს, რომ ოდა ერთ წელში შესაძლოა საერთოდ დაინგრეს: „ასეც რომ არ იყოს, მეზობლები მეუბნებიან, რომ ბავშვები თამაშობენ ზევიდან და შეიძლება ჩავარდნენ ნანგრევებში, ან შიგნით შევიდნენ და თავზე ჩამოენგრეთ, ისინიც მართლები არიან, როდემდე შეიძლება იყოს ასე?!“.ვალეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ ორ მესხურ ოდას აქვს. სხვა მიწური სახლების დიდი ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი ნგრევის პირასაა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია