შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22263 
 17 აპრილი 2019
2020 წლიდან, საქართველო ნარჩენების გადამუშავების ახალ მოდელზე გადავა, ამიტომ მომავალ წლამდე, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა აღიჭურვოს ინვენტარითა და შესაბამისი ტრანსპორტით, ასევე, ამ სიახლის შესახებ თვითმმართველობების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ნარჩენების სეპარირება, ანუ დახარისხება, სახლებიდან დაიწყება. ნაგვის მოსაგროვებლად ოთხი სხვადასხვა ყუთი იქნება საჭირო, რადგან ქაღალდი–მუყაოს, მინის, პლასტმასისა და მეტალის ცალცალკე განთავსება სავალდებულო იქნება. ოთხი სხვადასხვა კონტეინერი დაიდგმება ქუჩაშიც, სეპარირებულ ნარჩენს კი გადამამუშავებელ საწარმოში მუნიციპალიტეტი შესაბამისი ნაგავმზიდებით გაიტანს. „თავიანთ სახლებში დაახარისხებენ თუ არა ნარჩენებს, ეს მოქალაქეების თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული. წელს მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება სწორედ იმისათვის, რომ ხალხს ამის შესახებ შევატყობინოთ“, – ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამმართველოს წარმომადგენლი ქრისტინე ვარდანიშვილი. ამ დროისთვის ქვეყანაში ოთხივე ტიპის, ქაღალდი–მუყაოს, მინის, პლასტმასისა და მეტალის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობს. რაც შეეხება სხვა ტიპის ნარჩენებს, მათ ისევ ნაგავსაყრელებზე განათავსებენ. თუმცა, 2024 წლამდე ყველა რეგიონში მხოლოდ ერთი ნაგავსაყრელი იმუშავებს, დანარჩენებს კი დახურავენ. ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მთავრობის დადგენილებითაა – „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ – განსაზღვრული. სიახლეების დასანერგად კი მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების გადამუშავების ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავეს, რეკომენდაციებისთვის დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს გადაუგზავნეს და უკან დაბრუნებული ვერსია საკრებულოებში დაამტკიცეს. მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც სხვადასხვა ქუჩაზე კონტეინერების და მცირე ზომის ურნების დამონტაჟებას გულისხმობს, თებერვლიდან დაიწყო. გეგმის მხიედვით, მათ ეტაპობრივად უნდა აღმოფხვრან სტიქიური ნაგავსაყრელებიც. მოსახლეობასთან გამართონ საინფორმაციო შეხვედრები, ჩაატარონ ტრენინგები და ასევე, შეიმუშაონ ნარჩენების შეგროვების ოპტიმალური მარშრუტების განრიგი და რუკა, სადაც განთავსდება კონტეინერები.ახალციხის მერიიდან წერილობით მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სეპარირება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ახალციხის ციხეზე დაიწყეს. მერიას შენობიდან ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოში გატანას ინდივიდუალური მეწარმე თემურ თაბუნიძე, ციხიდან პლასტმასის გატანას კი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავიშრი“ უსასყიდლოდ უზრუნველოფს. ახალციხის მერიაში ამბობენ,რომ სეპარირებისათვის შესაბამის კონტეინერებსა და ტრანსპორტს მათ ცენტრალური ხელისუფლება გადასცემთ, თუმცა როდის ეს ჯერ უცნობა, მანამდე კი ადგილობრივებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ. ახალციხის მსგავსად ჯერ მხოლოდ ქაღალდის სეპარირება დაიწყეს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში ნარჩენების სეპარირების სკთხზე აქტიურად მუშაობს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი. მისი წარმომადგენელი კახა რუხაია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებში გაწერილი გეგმების ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია ფინანსური რესურსი: „ამისთვის სახელმწიფომ ინვესტიციები უნდა მოიზიდოს“. მისივე თქმით, ნარჩენების გადამუშავებისთვის გეგმის ასამოქმედებლად როგორც თვითმმართველობის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეების კომპლექსური ჩართულობაა საჭირო.საქართველომ ნარჩენების მართვის სეპარირების წესის დანერგვაზე ვალდებულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტზე ხელისმოწერისას აიღო. ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ, მუნიციპალური ნარჩენების მართვას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დაარეგულირებს და კანონდამრღვევები სწორედ აღნიშნულის მიხედვით დაჯარიმდებიან.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია