შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბევრჯერ შევიკავე თავი, ვიფიქრე არ ვაწყენინო ზოგიერთებს მეთქი, მაგრამ" ...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37783 
 18 აპრილი 2019

 საქართველოდან უკიდურესი გაჭირვების გამო წასული მოქალაქეები მონპელიეში ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ემიგრაციაში წასული ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად რთულ პირობებში ცხოვრობენ. ბავშვები არც ბაღში დადიან და არც სკოლაში. მათ ლამის ასფალტზე სძინავთ. არ აქვთ საპირფარეშო, აბაზანა, საკვებს კი წითელი ჯვრის წარმომადგენლები დღეში ერთხელ აწვდიან-საფრანგეთში ქართველების მძიმე მდგომარეობაზე ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცინიკურ დამოკიდებულებას ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული ეხმაურება და საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს:  

"ბევრჯერ შევიკავე თავი, ვიფიქრე არ ვაწყენინო ზოგიერთებს მეთქი, მაგრამ ...
დალოცვილებო,
საფრანგეთში ( და სხვა ქვეყნებშიც ) ქუჩაში დაყრილ ქართველებს რომ ცინიკურად დასცინით, დაგდებულიყვნენ სახლში და მეზობელი მაინც მიაწვდიდა ლუკმასო, თქვენ სერიოზულად ფიქრობთ რომ ადამიანის ნორმალურ არსებობას მეტი არაფერი სჭირდება?
მასე, ლობიო და ჭადი არცერთ მექსიკელს არ აკლია და რატომ იკლავენ თავს ამერიკაში გადასასვლელად?
მოსახლეობის იმ კატეგორიისათვის, რომელიც ენის უცოდინრად, დედაწულიანად გარბის ს
აზღვარგარეთ, საქართველო რომ უმომავლო ქვეყანაა, არ იცით?
თორემ რა გგონიათ, მექსიკას მილიონერები და კაი მაცხოვრებლები აკლია?

დიახ, უმომავლო ქვეყანაა ამჟამად საქართველო. ქვეყნის სიმდიდრის 90% მაფიოზური კარტელის ხელშია, რომელიც განგსტერებისაგან შედგება. მთავრობა ამ კარტელის შიგნით არსებული დაჯგუფებების მიერ ლობირებული უპრინციპო, უსინდისო ან უხერხემლო პოლიტიკანებითაა დაკომპლექტებული. ქვეყნის მეოთხედი უიმედოდ ოკუპირებულია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი სასტიკ ჩაგვრას განიცდიან, მაშინ როდესაც იქედან გადმოსულ სეპარატისტებს მთავრობა გულუხვად აფინანსებს. 
ქვეყანაში არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა, უმწეოთა სოციალური დახმარების სისტემა. მუდმივი შემოსავალი აქვს მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს და ისიც ძირითადად მათ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული.

ქვეყანას არა აქვს განვითარების ჩამოყალიბებული დოქტრინა. საზღვრები ღიად აქვს დატოვებული და უკონტროლოდ იღებს როგორც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ კაპიტალს, ასევე აზიისა და აფრიკის უღარიბესი და არასტაბილური ქვეყნებიდან შემოსულ საეჭვო ემიგრანტებს, რომელთა ფინანსური ბაზისი აღემატება ადგილობრივების შესაძლებლობებს.
ამ უბედურ ფონზე კოლოსალურად მაღალია მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები; მძვინვარებს კორუპცია და ნეპოტიზმი; ადგილობრივი ინტელექტი მაქსიმალურად გაედინება ქვეყნიდან და 99% სამუდამოდ რჩება საზღვარგარეთ. ქვეყანაში მძვინვარებს აგრესია, ადამიანის უფლებების დაცვა ჩანასახოვან დონეზეა; ფსევდორელიგია აყვავებული და მძვინვარე ...
და ამ ქვეყნის ყველაზე დაბალი და დაუცველი სპექტრის წარმომადგენლებს აკრიტიკებენ იმისათვის, რომ სასოწარკვეთამ უაზროდ და უკანმოუხედავად გააქცია ქვეყნიდან და ძრახავენ იმისათვის, რომ საკუთარი შვილებისათვის მეზობლის მიერ სამადლოდ მოწოდებული ცივი ჭადი არ იკმარეს და აწყობილ, მდიდარ ქვეყნებში წარმატების მიზერული, მაგრამ მაინც რეალური შანსის მოსაპოვებლად გადაიხვეწნენ.

სირცხვილია პატივცემულებო, სირცხვილი!-წერს ზურაბ გურული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია