შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა კარგად იცის, 2020 წელს კატასტროფა ელოდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37775 
 18 აპრილი 2019

შემაშფოთებელია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურ იგნორს უკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებებს. ასე იყო არჩევნების დროსაც, როდესაც ეუთო-ს დასკვნა იყო აბსოლუტურად იგნორირებული და გვატყუებდნენ, რომ კარგი დასკვნა იყო, არადა, კატასტროფული იყო ხელისუფლებისთვის. ასევე არის ახლაც, როდესაც გვეუბნებიან, თურმე ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში და ვენეციის კომისიის დასკვნები არ უნდა გავითვალისწინოთ, – ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვენეციის კომისიის დასკვნას.

მისი თქმით, ვენეციის კომისია არ ერევა არც ერთი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

„როდესაც კომისია ხედავს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის და დემოკრატიისა და განვითარების გზიდან გადახვევას აპირებს, აძლევს რეკომენდაციებს, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რათა პირობითი დემოკრატიიდან, რომელიც ახლა ჩვენთან არსებობს, მთლად ავტორიტარულ სისტემაში არ გადაიჩეხოს. ის, რაც ხდება ახლა მოსამართლეებთან დაკავშირებით, პირდაპირ მიუთითებს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, 2020 წლის არჩევნებზე კატასტროფული მდგომარეობა ექნება. ამიტომ სჭირდება არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია და არა მხოლოდ ადგილობრივი კომისიები, არამედ სასამართლოები, რათა გაიმეოროს იგივე, რაც იყო 2016 წელს, როდესაც ჩვენი 700 საჩივრიდან არც ერთი არ განიხილა და მით უფრო, არ დააკმაყოფილა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, თუ ხელისუფლება, ივანიშვილი გადაწყვეტს, 2020 წლის არჩევნები გააყალბოს და იგნორირება გაუკეთოს ხელმოწერებს , რომლებსაც ჩვენ და სხვა 20 პარტიის წარმომადგენლები აგროვებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუ ეცდება ძველი სისტემით არჩევნების ჩატარებას და გაყალბებას, მიიღებს უმძიმეს შედეგებს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დამოკიდებულება მიუთითებს, რომ მას 2020 წლისთვის არა მხოლოდ ცენტრალური კომისია, არამედ სასამართლოც დასჭირდება.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ მომავალი არჩევნების გაყალბებას ეცდება, უმძიმეს შედეგებს მიიღებს. მისვე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ხმას დაიცავს.

„არ მივცემთ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს გარიგების ფონზე დააკომპლექტოს პარლამენტი, რომელიც საქართველოს ხალხისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს კი არა, კონკრეტული ადამიანებისა და სხვა სახელმწიფოების ინტერესებს მოემსახურება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია