შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა დოზით უნდა ჩაერიონ ბებიები და ბაბუები შვილიშვილების აღზრდაში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37812 
 20 აპრილი 2019

ბებია - ბაბუა ასოცირდება უპირობო სიყვარულთან, სითბოსთან, რომელიც ყველას მიღებული აქვს ბავშვობაში.

როგორიც უნდა იყოს შვილიშვილი, გამხდარი თუ პუტკუნა, ბებია და ბაბუა, მშობლების მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, მაინც გაუმასპინძლდება გემრიელი ფუნთუშებით, ტკბილეულით...

ალბათ, ყველას გვახსოვს, ბავშვობაში გვიჭირდა არჩევანის გაკეთება მშობლებსა და ბებია-ბაბუებს შორის ვისი მხარე დაგვეჭირა.
ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

1. ბებიას და ბაბუას დანიშნულებაა შვილიშვილების უპირობო სიყვარული, მათი განებივრება. ეს ფუნქცია მათ უხსოვარი დროიდან აქვთ, რაც შვილიშვილების ფსიქოლოგიური იმუნიტეტისთვის აუცილებელია.

2. შვილების აღზრდის ვალდებულება მშობელს ეკისრება და პასუხისმგებლობა ბებია-ბაბუებმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ. მათ, თავის დროზე, უკვე გაიარეს ეს გზა... ბებიებო და ბაბუებო, თქვენ მხოლოდ უნდა გიყვარდეთ, იზრუნოთ და პატივი სცეთ თქვენი შვილიშვილების მშობლების გადაწვეტილებებს!
წესები შემოაქვს მას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული. პასუხისმგებლობის ზონა კი მხოლოდ მშობლების ზონაა! მხოლოდ ისინი წყვეტენ რა და როდის უნდა გააკეთონ ბავშვებმა.

3. ბებიებო და ბაბუებო, თქვენი გამოცდილება შეიძლება არ იყოს გამართლებული.
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ ის გეხმარებოდათ დაგეღწიათ თავი რთული სიტუაციიდან, არ არის ერთადერთი, სწორი გზა. ამიტომ მიეცით მშობლებს საშუალება - მიიღონ საკუთარი გამოცდილება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, რჩევის მიცემაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამას გთხოვენ!

4. ისწავლეთ დათმობაზე წასვლა. დაუთმეთ თქვენი შვილიშვილების მშობლებს. თქვენ ხომ მეტი გამოცდილება გაქვთ ცხოვრების მანძილზე, ვიდრე თქვენს მომდევნო თაობებს. დაუთმეთ იმ შემთხვევაშიც, თუ თვლით, რომ არასწორები არიან. სჯობს არასწორი, მაგრამ უკონფლიქტო სიტუაცია, ვიდრე სწორი და კონფლიქტებით სავსე დღეები.

5. პატივი ეცით თქვენი შვილების არჩევანს.
რაც უნდა მოხდეს, არასოდეს გააკრიტიკოთ თქვენი შვილიშვილების თანდასწრებით რძალი ან სიძე, ეს ავტორიტეტს შეგილახავთ შვილიშვილების თვალში.

6. იპოვეთ თქვენთვის საინტერესო საქმე. ეს საშუალებას მოგცემთ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით და არა თქვენი შვილების.

7. იყავით ინფორმაციის წყარო. მოყევით სანტერესო შემთხვევები თქვენი ცხოვრებიდან, არა ჭკუის სასწავლებლად, არამედ უბრალოდ მოსასმენად.

8. ნუ გამოიყენებთ თქვენს ჯანმრთელობას ყურადღების მისაქცევად. შედეგად, შვილებს მიაჯაჭვავთ თქვენს საწოლს, ბოლოს კი მობეზრდებით და გაგექცევიან...

9. გაეცით სიყვარული, ისე რომ სამაგიეროს მოლოდინში არ იყოთ. შვილები ნებისმიერ ასაკში საჭიროებენ თქვენს უპირობო სიყვარულს.

10. და ბოლოს, ვინც უნდა იყო - ბებია, ბაბუა, რძალი, სიძე თუ შვილი, დაიწყეთ ჯანსაღი ურთიერთობა პირველ რიგში საკუთარ თავთან! გააკეთეთ ის, რაც გინდათ რომ სხვებმა გაგიკეთონ და მერწმუნეთ, ყველაფერი დალაგდება.

გისურვებთ ჯანსაღ, მშვიდ და სიყვარილით სავსე ურთიერთობებს.

 ნათია ახობაძე - ფსიქოლოგი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია