შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარძიაში ხანძრის შემდეგ რესტავრაციის პროცესში მხოლოდ ერთი კომპანია ჩაერთო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22292 
 19 აპრილი 2019
15 აპრილს საღამოს პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო, მასში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა თანხის გადარიცხვა მეორე დღესვე დაიწყეს.სააგენტო Forbes.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ის გადარიცხვას გეგმავს.საქართველოში სამი წლის წინ, პირველი ნოემბრის ღამეს, ხანძარი ვარძიაში გაჩნდა. მაშინ აქ მეთორმეტე საუკუნეში აშენებული ის ტაძარი დაზიანდა, სადაც ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფე ფეხშიშველი მიდიოდა და მტერთან ბრძოლამდე ქართულ ჯარს ღმერთს ავედრებდა. ტაძარში ქრისტეს ცოხვრების 17 ეპიზოდი, მათ შორის თამარისა და გიორგი მესამის უნიკალური კედლის მხატვრობა, შავი ფერფლით დაიფარა. მე–12 საუკუნის კედლის მხატვრობის აღსადგენად 300 000 ლარი იყო საჭირო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გვიყვება, რომ ფრესკის აღდგენის პროცესში ერთადერთი კომპანია ჩაერთო: „მაშინ სააგენტოს სულ 20 ათასი ჰქონდა, საჭირო თანხის შეგროვება მხოლოდ 2017 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტით შევძელით. კერძო სექტორიდან ერთადერთი კომპანია „მონოლითი“ იყო, რომელმაც 30 000 ლარი გადმორიცხა“. „მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო კომპანიაა. ფრესკის რესტავრაციისთვის თანხის გამოყოფის ინიციატორი კი კომპანიის იმდროინდელი მარკეტინგის კონსულტანტი ლადო ციმაკურიძე იყო: „გვინდოდა გაგვეკეთებინა ის, რაც საუკუნეები დარჩებოდა. მაშინ ჩვენი მიზანი იყო მემკვიდრეობა შენარჩუნებოდა ქვეყანას. თანხის გადარიცხვისას ვთქვით, რომ აბსოლუტურად არ გვაინტერესებდა არანაირი პიარი, ან ქულების დაწერა და ამ ყველაფერს მხოლოდ ჰუმანური მიზნით ვაკეთებდით“. მარკეტოლოგი ნოტრ-დამის რესტავრაციაში ქართული ბიზნესის ჩართვას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქართულ ბიზნესშიც არიან ცალკეული ადამიანები, ვინც ძეგლებში ფულს დებენ, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელება უჭირს: „მსგავს საქმეში ჩართული კომპანიები მათ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე ნებისმიერი კომპანია ვალდებულია დაიცვას სოციალური პასუხისმგებლობა. არიან მეცენატები ვინც უანგაროდ ეხმარებიან ძეგლებს, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ამ კუთხით სწორედ მონოლით ჯგუფია“.სააგენტოს დირექტორის განმარტებით, საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მუდმივად საჭიროებს სარესტავრაციო სამუშაოებს. ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორის ჩასართველად კი ფართომასშტაბიანი კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ 2017 წელს სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს, თუმცა კერძო სექტორის დაინტერესება მაინც ვერ მოხერხდა.„ბიზნესმენებთან შეხვედრებზე ყოველთვის გვეთანხმებოდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა. ქვეყანაში სულ სამი დონორია, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაში დებს ფულს, მათგან გამორჩეული კი ფონდი „ქართუა“, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონს ხარჯავს. ნოტრდამი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და მისასალმებელია ბიზნესმენების ჩართულობა, მაგრამ როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ კულტურული მემკვდიდრეობა იყოს შენარჩუნებული, ამ პროცესში საშუალო და მსხვილი ბიზნესის როლი არ ჩანს“, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი ფიქრობს, რომ ვარძიაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ „ბიზნესმენებს ლუკმა უნდა გამოეღოთ პირიდან და ყველაფერი გაეკეთებინათ ფრესკების აღსადგენად“. მისი აზრით, ძეგლების აღდგენის პროცესში კერძო კომპანიები ჩართულები აქტიურად არც დღეს არიან: „ახლაც არ ჩანან, მაგრამ ქართველი კაცი არასდროს დაივიწყებს საკუთარ წარსულს და აუცილებლად ჩადებენ ფულს ამ მიმართულებით“. მხატვარ–რესტავრატორი რამაზ კორშია მიიჩნევს, რომ კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობაში კერძო სექტორი ჩართული საკმარისადაა: „კულტურულ მემკვიდრეობაში პროექტებს ყველაზე მდიდარი კაცი აკეთებს [ბიძინა ივანიშვილი], ამიტომ სხვა არავინ არ ერთვება. ნოტრ-დამში ჩართვა კი პოლიტიკური ამბავი მგონია, მე მივესალმები თუ ერთი კარგი რესტავრატორიც წავა და ჩვენი სახელი გამოჩნდება, მაგრამ აბა ფინანსურად საფრანგეთს რა ჩვენი დახმარება სჭირდება, მსოფლიოს კულტურის ცენტრია“. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება