შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან, ახალციხეში, ამომრჩევლებთან შეხვედრები მხოლოდ სამმა გამართა. სამი პარტიის ოფისი ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტში და ქუჩებში გამოკრულიც მხოლოდ სამი პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალაა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 ოქტომბერი 2018
ახალციხეში „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისები ფუნქციონირებს. შესაბამისად, მხოლოდ მათი საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ ქალაქსა და მიმდებარე სოფლებშიც საკუთარი პროგრამების გასაცნობად ადგილობრივებთან. „25 კანდიდატია და სამი ჩამოვიდა ჩვენს რაიონამდე, დანარჩენმა 22–მა კაცმა არ იცის სად არის სამცხე–ჯავახეთი, მარა აქ რას ჩამოვლენ, იციან, რომ მაინც ვერ გაიმარჯვებენ“, – ამბობს ვალეში მცხოვრები აღაშაკ სუკასიანი.ვალეში ბევრს არჩევნებზე საუბარი არ სურს: „ის მკითხე როგორი მოსავალი მაქვს, როგორ გამაქვს თავი რომ ვიარსებო, რაში მაინტერესებს არჩევნები, ისიც კი არ ვიცი როდისაა“. ადგილობრივი გოდერძი გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს: „სალომე გახდება პრეზიდენტი აბა სხვა ვინ, ხელისუფლებამ წარადგინა და იმიტომ, თან მაგას ბევრი ფული აქვს“. საქართველოს პრეზიდენტი რომ ქალი გახდება, ამაზე საუბრობენ სოფელ ივლიტაშიც: „ზურაბიშვილმა ჯერ თქვა საქართველომ დაიწყო ომიო, მერე გადათქვა,ვერ გაიგებ ხან აქეთ არის, ხან იქით და ასე არ შეიძლება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ მაინც მივცეთ შანსი როგორც ქალს. ვფიქრობ, რომ სალომეს აირჩევენ და მეც მას ვუჭერ მხარს“.ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდია. მნიშვნელოვან დარღვევებს რომ ადგილი არ ჰქონია, ამაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ. „გაყალბებისთვის ემზადება მმართველი გუდნი, მთელი საოლქო კომისია „ოცნების“ კოორდინატორების ზედამხედველობის ქვეშ არის. გარდა ამისა, ისინი დადიან კარდაკარ, რომ დააშინონ ხალხი და არ მივიდნენ არჩევნებზე, რადგან იციან, რომ მათ მხარს არ დაუჭერენ“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე. არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე: „დაიწყეს უკვე მიგზავნა ადგილობრივებთან ახლობლების და ნათესავების, რომ თავი შარში არ ჩაიგდონ და მხარი ოპოზიციურ კანდიდატს არ დაუჭირონ. ძალიან ხშირად იყო პლაკატების დაზიანების ფაქტები. რაღაც უცნაურ პლაკატებს აკრავდნენ ზემოდან დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალებს“.სააგიტაციო მასალის ქუჩებში დარღვევით განთავსებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე: „გარდა მაგისა, გზის ნაპირზე საღებავით ხუთიანებს აწერენ, რაც ხალხისთვის გამაღიზიანებელია. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ წინა საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ვხვდებით მოსახლეობას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს“. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოთხ დღეში 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იღებს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია