შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის დაიწყებს ახალი კომპანია თუშეთის გზაზე მუშაობას არ არის ცნობილი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38327 
 22 აპრილი 2019

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას დაევალა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,არილიმ“ გაიმარჯვა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მათთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, როცა დარწმუნდებიან რომ კომპანია არსებულ ვალდებულებების სრულყოფილად შეასრულებს.

აღნიშნული მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ახალ კომპანიას გზის გაწმენდის და მოვლის სამუშაოები არ დაუწყია, შესაძლოა თუშეთში მოქმედ ტურისტულ ობიექტებს პრობლემები შეექმნათ, რადგან ტურისტი შესაძლოა მათთან დროულად ვერ მივიდეს.

,,იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელიც პასუხისმგებელია გზის მოვლაზე, ადგილზე არიან მობილიზებული და როგორც სადმე გზის პრობლემა შეიქმნება მაშინვე მიდიან და მუშაობას იწყებენ. წელს რა მოხდება და როდის დაიწყება სამუშაოები გზის გაწმენდისთვის არ გვაქვს ინფორმაცია. ადრე სამუშაოები იწყებოდა მარტის შუა რიცხვებისთვის, წელს კი ამ დრომდე არ დაწყებულა. ეს თუშეთში ტურიზმის კუთხით პრობლემებს შექმნის.

გზა აქამდე უნდა იყოს გაწმენდილი, იმიტომ რომ ამაზე არიან დამოკიდებული საოჯახო სასტუმროები, მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულები, მეკარტოფილეობით დაკავებულები, სასაზღვრო პოლიცია და სხვა. მაგალითად: ცხვარს აქვს თავისი დრო და მიგრაციის პერიოდი ზამთრის საძოვრებიდან ბარისკენ. რომ დაგვიანდება გზის წმენდა და აპრილის ბოლოს ცხვარი გადაადგილებას დაიწყებს, ეს დიდ პრობლემებს შექმნის, რადგან შესაძლებელია ცხვრის დაავადებები გაჩნდეს სიცხეში გადაადგილების დროს. დაგვიანებული სამუშაოები კატასტროფულ შედეგებს მოიტანს ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისთვისაც’’,-განუცხადა Knews.ge-ს ლადო კახოიძე.

ლადო კახოიძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და გამოწვევად სწორედ თუშეთთან სატრანსპორტო კავშირის მოუწესრიგებლობას ასახელებს.

მისი თქმით, წლის განმავლობაში 7 თვეზე მეტი გზა უამინდობის და დიდთოვლობის გამო დაკეტილია, რაც თუშეთში ტურიზმის განვითარებას აფერხებს, გაწმენდითი სამუშაოების დაგვიანება კი პრობლემებს შექმნის.

,,ნოემბრიდან 7-8 თვის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. ზაფხულში და ზამთარში ნალექის მოსვლის შედეგად ხდება გზის ჩამოშლა, სავალი ნაწილი იფარება ქვიშით და დიდდება ხევები, რასაც მოსდევს გზების გადაკეტვა. ხშირ შემთხვევაში გზის 56-ე კილომეტრზე აქტიურდება არსებული მეწყერი, რომელიც აფერხებს გადაადგილებას. ისედაც წლის უმეტესი დრო თუშეთში მგზავრობა შეზღუდულია და სამუშაოების დაგვიანება ამ დროს წელს კიდევ უფრო შეამცირებს.’’

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, დავით აბულაძე განმარტავს, რომ ახალ ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადდა დასრულებულია, გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა საბოლოოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე დარჩენილია გარკვეული სახის პროცედურები, რის შემდეგაც კომპანია მუშაობას დაიწყებს.

,,როგორც ძველი ასევე ახალი ტენდერი გამოცხადებული იყო საგზაო დეპარტამენტის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავდა თუშეთისკენ მიმავალი გზის მოვლის და გაწმენდის სამუშაოებს 72 კილომეტრი სიგრძის გზაზე. შპს ,,გერალი“ 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა გზის გაწმენდის სამუშაოებს პერიოდულად.

ახალი კომპანია შპს ,,არილი“ გამოვლენილია ტენდერში, თუმცა ხელშეკრულების დადებისთვის გარკვეული სახის პროცედურები არ არის დასრულებული. რაც შეეხება წინა კომპანიის მუშაობას, აღნიშნულ გზაზე არის რთული მონაკვეთები, მეწყრული ადგილები და ეს ქმნიდა ყოველ წელს დაუძლეველ პრობლემებს წინა კომპანიისთვის. თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მათ მიერ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის აქტიურად მიმდინარეობდა’’,- განუცხადა knews.ge- დავით აბულაძემ.

ტენდერის პირობების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 30 000 ლარია, საიდანაც საავტომობილი გზების დეპარტამენტის მიერ გამოყოფილია 1 მილიონი ლარი, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ 30 000 ლარი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისს ინფორმაციით, კომპანიამ ,,არილი” მათ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მათთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.გასულ წელს თუშეთის გზის მოვლა-პატრონობას კომპანია ,,გერალი” ახორციელებდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი სამუშაოებს კიდევ ორი კვირა შეასრულებენ.

,,ტენდერი ჩატარდა და ფასით სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. ჩვენ მაქსიმუმ ორი კვირა დავრჩებით და რაც სამუშაოები გვაქვს იმას დავასრულებთ. ტენდერის მიხედვით, 24 თვის განმავლობაში სამუშაოების საწყისი ღირებულება 1 მილიონ 30 ათასი ლარი იყო. აქედან ფასების მიხედვით დეპარტამენტს იმ კომპანიამ 20%-მდე ფასდაკლება შესთავაზა”- განაცხადა კომპანია ,,გერალის” წარმომადგენელმა ლევან წიკლაურმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები