შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უთხარით საკუთარ შვილებს!- თუ სამშობლო თავზე დაგექცა, მარტო კაცი ვერ გადარჩები!”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37894 
 23 აპრილი 2019

უთხარით, უთხარით საკუთარ შვილებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს – ისწავლონ საკუთარი ერის და სამშობლოს გადასარჩენად! – მოუწოდებს მშობლებს მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი:

“მე უნდა მესწავლა…
მესწავლა, რადგან მადარებდნენ თაკოს და მალხაზს, გიოს და გვანცას, დათოს და ნატოს. მეუბნებოდნენ რომ ისინი ჩემზე უკეთესები იყვნენ…

მე უნდა მესწავლა. მესწავლა, რადგან ფოსტალიონ კასუმასავით უზარმაზარი ჩანთა ზურგით არ მეთრია და წელი არ მომეწყვიტა…

მე უნდა მესწავლა… მესწავლა, რადგან ტრაქტორისტ მიტოსავით მაზუთში ამოგანგლულს არ მევლო…
უნდა მესწავლა იმისათვის, რომ სხვას კი არა, თავად წამომეკრა ვიღაცისთვის კეფაზე ხელი…
უნდა მესწავლა იმისთვის, რომ არვის სჭირდებოდა უდიპლომო სასიძო…

მე უნდა მესწავლა, რომ სხვას კი არ დავემცირებინე, არამედ თავად შემძლებოდა სხვათა დამცირება და ზემოდან ყურება…
მე მასწავლიდნენ, რომ მესწავლა, რადგან გადავრჩენილიყავი…

მახსოვს მე-4 კლასში, კლასის ხელმძღვანელმა სუფთა ფურცლები დაგვირიგა და გვთხოვა დაგვეწერა ვის რა გვინდოდა გამოვსულიყავით…
მეც დავწერე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი იურისტი…
მან ჩემი ჩანაწერი ხმამაღლა წაიკითხა და დამცინა. მითხრა, რომ ამას ვერასაოდეს მივაღწევდი, რადგან ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი…

და მე ვსწავლობდი, ვსწავლობდი ჯიბრით, რადგან ამ დაცინვაზე შური მეძია…
ვსწავლობდი ჯიბრს, შურს, პირველობას, ეგოიზმს, დაცინვას, დამცირებას, ყველაფერს იმას, რაც ადამიანური სისუსტეებისთვის ადვილი და მიმზიდველი იყო…

ერთხელაც არ მახსოვს ვინმეს ეთქვა, რომ უნდა მესწავლა მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, სამშობლოს გადასარჩენად…

უთხარით, უთხარით საკუთარ შვილებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს – ისწავლონ საკუთარი ერის და სამშობლოს გადასარჩენად!

თუ სამშობლო თავზე დაგექცა, მარტო კაცი ვერ გადარჩები!”

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
პოლიტიკა