შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამი ბათუმელი მოსწავლე ისრაელსა და ბულგარეთში ისწავლის

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 26 აპრილი 2019
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო ჭანიძე ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში [AUBG]  ჩაირიცხა, სადაც ფსიქოლოგიას შეისწავლის. თაკომ უნივერსიტეტიდან 30-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო და სწავლას სექტემბერში დაიწყებს. „ჩავაბარე ზოგადი უნარები ინგლისურად, ასევე, ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი [TOEFEL] და ბოლო საფეხური იყო გასაუბრება.  აპლიკაციის შევსების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, გასაუბრების შემდეგ გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რამდენი პროცენტით გაფინანსებენ“ – გვეუბნება თაკო. მისი აზრით, ამერიკული უნივერსიტეტების უპირატესობა ქართულთან შედარებით ისაა, რომ ამერიკული უნივერსიტეტები მეტ არჩევანს სთავაზობს სტუდენტს. „გარდა იმისა, რომ ამერიკული დიპლომი პრესტიჟულია მსოფლიოში, შესაძლებლობა გაქვს სწავლის პირველ ეტაპზე შეიცვალო ფაკულტეტი და არ დაგეკარგოს წელი. თაკო ჭანიძე გარდა ამისა, საქართველოში პირველკურსელებისთვის სამუშაოს შოვნა რთულია, ეს უნივერსიტეტი კი გვაძლევს შესაძლებლობას დავსაქმდეთ უნივერსიტეტშიც, ასევე, ზაფხულობით შეგვეძლება ამერიკაში წავიდეთ, იქ ვიმუშაოთ და ასე გადავიხადოთ სწავლის საფასური და სხვა ხარჯები“. თაკოს თქმით, შესაძლებლობების ფართო სპექტრი განაპირობებს იმას, რომ ქართველი  მოსწავლეები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან  ევროპაში ან ამერიკაში განათლების მიღებით. „ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელიც უკვე სწავლობს ამ უნივერსიტეტში და კმაყოფილი არიან აქ მიღებული განათლებით. უნივერსიტეტი ლიბერალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რაც ასევე საინტერესოა ჩემთვის“ – ამბობს თაკო. მისი თქმით, უნივერსიტეტი გასცემს როგორც ამერიკულ, ასევე ბულგარულ დიპლომს. ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი ქალაქ ბლაგოევგრადშია. „როგორც ვიცი, ეს ქალაქი ბათუმივით პატარა და მშვიდია და არც ადაპტაცია გამიჭირდება“ – გვეუბნება თაკო. ლილე მესხიძე ისრაელში, Givat Haviva International School-ში ისწავლიან  ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლილე მესხიძე და ლიზა წოწორია. ლიდერთა სკოლა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობს და იქ მსოფლიოს 17 ქვეყნიდან წელს 55 სტუდენტი ისწავლის. „სკოლა ორწლიანია და საერთაშორისო IB პროგრამებით  ასწავლის. სამი სავალდებულო და სამიც შერჩევითი საგანი უნდა ისწავლო. სკოლის დასრულების შემდეგ ამერიკულ ატესტატს ავიღებ, რაც შესაძლებლობას მაძლევს ამერიკაში წავიდე სასწავლებლად“ – გვეუბნება ლილე მესხიძე. სკოლაში სწავლის წლიური საფასური 30 ათასი დოლარია. ლილე მესხიძე ამბობს, რომ მან 90-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. „მომავალში ფსიქოლოგიის შესწავლას ვაპირებ უნივერსიტეტში და ვფიქრობ ამ სკოლაში მიღებული განათლება და გამოცდილება უნივერსიტეტშიც დამეხმარება“. ლიზა წოწორია ლიზა წოწორიაც ამავე კოლეჯში ისწავლის, მას უკვე მოპოვებული აქვს 60-პროცენტიანი დაფინანსება. „სკოლა გვამზადებს უნივერსიტეტისთვის და შესაბამისად, სწავლა არის მაღალ დონეზე. მე ავირჩიე ბიზნეს-მენეჯმენტი, მეც ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელება სამომავლოდ და ვფიქრობ აქ მიღებული გამოცდილება იქნება ჩემთვის საფუძველი, რომ კარგ უნივერსიტეტში მოვხვდე“ – გვეუბნება ლიზა. ლიზასთვის ამერიკა თავისუფლების  გარდა, პროფესიულ შესაძლებლობებთანაც ასოცირდება. „მაქვს განცდა, რომ იქ სწავლითაც მეტს მივაღწევ და გარემოც უფრო მრავალფეროვანი იქნება. სწავლის დასრულების შემდეგ კი მინდა საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა აქ გამოვიყენო“. ლიზა ფიქრობს, რომ ისრაელში გატარებული ეს ორი წელიც საინტერესო იქნება მისთვის როგორც სწავლის მხრივ, ასევე იმით, რომ ისრაელის კულტურასაც უკეთ გაიცნობს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია