შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22417 
 30 აპრილი 2019
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე უწყებასთან ერთად მუშაობენ. მათ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ენის პალატას და პუბლიცისტ კუკური მეტრეველს სთხოვეს. როგორც მეტრეველი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, აბრებზე შეცდომით დაწერილი სოფლების დასახელებების საკითხის შესწავლა უკვე დაასრულა და მასალებს უახლოეს დღეებში სამხარეო ადმინისტრაციას გადასცემს. „16 სოფელია, სადაც აბრაზე სახელი შეცდომით წერია. მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით, 2006–2014 წლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლების სახელები საჯარო რეესტრს არასწორად მიაწოდა და მათ მონაცემებში ამ დასახლებების სახელები არასწორად აისახა, შემდეგ კი ეს აბრებზე გადაიტანეს. მსგავსი სიტუაციაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თუმცა აქ შესწავლა ჯერ არ დამიწყია. შეცდომით დაწერილი ბანერები აქაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევცვალოთ“, – ამბობს კუკური მეტრეველი.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში გვითხრეს, რომ მათ მონაცემებში სოფლების, დაბებისა და ქალაქების სახელები იმის მიხედვით აისახება, რასაც მუნიციპალიტეტის მერია, ან მათი წარმომადგენლები მიაწვდიან: „კონკრეტული მუნიციპალიტეტების შესახებ, რეესტრში მონაცემები ასახულია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლების მომართვის საფუძველზე. თუ სახელები შეცდომითაა დატანილი, უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში რეესტრში ცვლილებას შვიდ დღეში ავსახავთ“. ახალქალაქის ყოფილი გამგებელი (2013–2017) ედუარდ აღასარიანი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში სოფლებისთვის დასახელებები არ შეუცვლიათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს მოქმედ მერს იური უნანიანსაც.საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც შესწავლა დასრულდება და საჯარო რეესტრშიც აისახება სოფლების შესწორებული დასახელებები, ბანერების შესაცვლელად სამუშაოებს თავად განახორციელებენ: „რომელ ადგილსაც ჩათვლიან საჭიროდ, იმ ადგილზე შევცვლით. ჩვენი სამსახურები უზრუნველყოფენ დემონტაჟს და ახლის დადმას“. მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემების ნახვა შესაძლებელია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://mreg.reestri.gov.ge/ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ათობით სოფლის აბრაზე სოფლის დასახელებები შეცდომით წერია. აღნიშნულის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა. [თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
სამართალი