შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეოთხე საჯარო სკოლაში ოთარ ჭილაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30675 
 06 მაისი 2019
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში (ყოფილი გიმნაზია), გიმნაზიის დამფუძნებლის, ოთარ ჭილაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას სკოლის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ავადმყოფობის გამო ვარსკვლავის გახსნას არ ესწრებოდა ოთარ ჭილაშვილი, თუმცა ის სკაიპით ჩაერთო.


როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა ნინო ნონეშვილმა აღნიშნა, იდეა სკოლის კურსდამთავრებულებისგან წამოვიდა.
„დღეს ამ სკოლის დიდი მოამაგის ოთარ ჭილაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. იდეა დაიბადა სკოლის კურსდამთავრებულების მიერ და ჩვენც გვერდში დავუდექით. ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ დააფასონ ბატონი ოთარის ღვაწლი, რომელიც მას სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიუძღვის. მე დღეს ვხედავ გულწრფელ სიყვარულს და დამოკიდებულებას, რაც აქვთ ამ ბავშვებს მის მიმართ. სკოლის კედლებში სამუდამოდ დარჩება ოთარ ჭილაშვილის, როგორც სკოლის დამფუძნებლისა და დიდი მოამაგის ვარსკვლავი.“


ერთ - ერთი ორგანიზატორის ხატია ზაკალაშვილის განმარტებით, ოთარ ჭილაშვილს დიდი ამაგი აქვს სკოლასა და მოსწავლეებზე.
„ზოგადად დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ბატონი ოთარი მართლაც ისეთ პერიოდში ისეთ შესაძლებლობებს გვაძლევდა, რაც სხვა სკოლის მოსწავლეებს არ ჰქონდათ. აქ იყო განსხვავებული სწავლება, თავისუფალი აზროვნება, კომპიუტერების კაბინეტი. გარდა ამისა, პიროვნულად ეს ადამიანი იმსახურებდა ჩვენგან დიდ დაფასებას. უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ მცირე დროში რაც შევძელით ის გავაკეთეთ. ამით გვინდოდა დაენახა ბატონ ოთარს ჩვენი მადლიერება, პატივისცემა და დიდი სიყვარული, რომელიც ასე სჭირდება.“


ოთარ ჭილაშვილის მეუღლემ მანანა მატუშევსკაიამ მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებს, კურსდამთავრებულებს და დამსწრე საზოგადოებას ასეთი დაფასებისთვის.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლას და ორგანიზატორებს, პედაგოგებს, რომლებმაც მოინდომეს და განახორციელეს ეს იდეა. ოთარი ძალიან ბედნიერია ამ ღონისძიებით, სამწუხაროდ, თვითონ ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა. ვფიქრობ, დაფასდა მისი ღვაწლი, რაც გიმნაზიისთვის გაიღო. ეს იყო მისი საყვარელი საქმე და ამისთვის დაახლოებით ოცი წელიწადი იბრძოდა. ცდილობდა, ბავშვები გაეყვანა ცხოვრების ასპარეზზე. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩამოჰყავდა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მასწავლებლები. უფრო მეტის გაკეთება უნდოდა, მაგრამ იმ დროს არეული და არასტაბილური პერიოდი იყო. თუმცა მგონია სხვა სკოლებთან შედარებით გიმნაზიის ბავშვები ყოველთვის წარმატებული იყვნენ.“

ვარსკვლავის გახსნას, პედაგოგებთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია